“ხელისუფლების სიფრთხილე და წინდახედულობა არ უნდა ფასდებოდეს როგორც სისუსტე”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამარ კორძაიას თქმით, საქართველო დღეს სახარბიელო მდგომარეობაში არაა, მაგრამ ეს ახალი ამბავი არაა, რადგან ასეთი ვითარება უკვე 20 წელია რაც შეიქმნა.

როგორც რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა აღნიშნა, მარტო დღევანდელი ხელისუფლება კი არა, ყველა ხელისუფლება ცდილობდა ამ პრობლემასთან გამკლავებას.

“ნამდვილად არ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში. საქართველო უკვე 20 წელზე მეტია ამ ვითარებაში ცხოვრობს და ყველა ხელისუფლება ცდილობს გაუმკლავდეს იმ პრობლემას, რასაც რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპირება და მასთან ურთიერთობის დალაგება ჰქვია. განსაკუთრებით აქტუალური ეს პრობლემა 2008 წლის მერე გახდა. როცა ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება დღეს, არ მინდა შევამსუბუქო ის ვითარება, რაც დღეს არის. უბრალოდ ქრონოლოგია მინდა ავსახო. მაგალითად 2010 წლის 5 მარტს რუსებმა სამეგრელო-აფხაზეთის საზღვრის გამაგრება დაიწყეს. 2010 წლის 16 ივლისს იგივე გააკეთეს სოფელ ახმაჯში რუსმა ოკუპანტებმა და ა.შ ეს ვრცელი ქრონოლოგიაა. საკითხი რთულია, მაგრამ არ მინდა ისე ჩანდეს, თითქოს ეს ყვეალფერი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გართულდა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებშია უპროცენდენტო შემოტევა რუსეთის მხრიდან. არაერთი განცხადება, რეზოლუცია გაგვიკეთებია წინამორბედ პარლამენტსაც, იმის წინასაც, მაგრამ არცერთს ეფექტი არ მოყოლია”, – განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გარკვეულ საკითხებს ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ.

“ხელისუფლების სიფრთხილე და წინდახედულობა არ უნდა ფასდებოდეს როგორც სისუსტე. არ მინდა ამას ოპოზიცია სისუსტედ და საკითხების მიჩქმალვად აფასებდეს, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და გაცილებით უფრო მეტი პასუხიმსგებლობა გვმართებს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ მდგოამრეობაში, როგორშიც აღმოვჩნიდთ 2008 წელს”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში“ამ საკითხის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ეს კითხვა უნდა დაუსვათ სამხრეთ ოსეთს,” – გრიგორი კარასინი ე.წ საზღვრის გადმოწევაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს