“ხელისუფლებას ჰქონდა დიდი დრო, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონოდა უკრაინელ კოლეგებთან”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს დაბარებას არ მიესალმება.

“ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონოდა უკრაინელ კოლეგებთან თუკი ეს ასეთ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ საკითხად მიაჩნდათ და შესაბამისად, კომუნიკაცია ჰქონოდათ უკრაინის ელჩთანაც საქართველოში, რომელიც უწყებაში დაიბარეს, თუმცა ახლა ამბობენ, რომ ეს დაბარება კი არ არის, უბრალოდ შეხვედრაა. ეს არის სწორედაც რომ დაბარება იმიტომ, რომ ასე გავრცელდა ინფორმაცია”,-განაცხადა ფანჯიკიძემ

ფანჯიკიძის თქმით, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაზე საკმაოდ ნეგატიური გავლენა იმ განცხადებებმა მოახდინა, რომელსაც ქართველი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ.

“სამწუხაროდ, იმ განცხადებებმა, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული მინისტრების და დეპუტატების ჩათვლით, არავითარ შემთხვევაში არ მოუხდენია კარგი გავლენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. ვფიქრობ, ამის გამოხატულება ისიც არის, რომ ვერა და ვერ შედგა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში, რომელიც როგორც თავად ამბობენ, ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი”,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კვირას უნდა მივიდეს. ციბენკოს უწყებაში მიწვევა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მრჩეველად დანიშვნას უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 13 თებერვალს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 9600 აბი „ტრამადოლი“ ამოიღო
შემდეგი სტატიათბილისი მსოფლიოს 53 ლამაზ ქალაქს შორის დასახელდა