ხარჯებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც ამცირებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში წარმომადგენლობითი, საკომუნიკაციო და საწვავთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე სამეცნიერო კვლევითი მიმართულების კუთხით დაგეგმილი პროექტების დაფინანსება შეამცირა, – ამის შესახებ მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, კორექტირება სოციალურ პროექტებს არ შეხებია.
“შემცირება არ ეხება სოციალურ პროექტებს, ეს შეეხო ახალ პროექტებს, ძირითადად, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ასევე წარმომადგენლობით, საკომუნიკაციო და საწვავთან დაკავშირებულ ხარჯებს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილებები არ ეხება თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს.
“ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ვალდებულებები და გაწერილი გეგმები. გვინდა დავაფინანსოთ კერძო სექტორი და აქ არ ჩავერიეთ”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
გარდა ამ საკითხისა, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი დათვლა საერთაშორისო პრაქტიკით მიმდინარეობს.
“არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისად, ახლის გამოგონება არ გვჭირდება, სწორედ ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად ხდება დათვლა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დასრულდა
შემდეგი სტატიავეფხო კუტივაძე: სიმღერა ჩემი იარაღია…