ხადური აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

ხადური

სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხში მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს შეეხება.
ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო კერძო დავაში არ ერევა და ამ დავაზე დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.
“რუსთავი 2″ მუშაობს და ხელს არავინ გიშლით და არც არავინ შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კერძო პირებს შორის დავას, ამისათვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ, აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, უწყება “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
“ჩვენ ამის შესახებ აქამდეც გვისაუბრია. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით”, – განაცხადა კირბიმ.

banner
წინა სტატიაშიშსს მინისტრი მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკმა 2016 წლისთვის ნავთობის ფასის დაცემა ივარაუდა