წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

ქადაგიძე

მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149 ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker-ის ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მათივე განმარტებით, The Banker-ი მიიჩნევს, რომ კარგად კაპიტალიზებული და სტაბილური საბანკო სექტორი, რომელმაც აჩვენა მდგრადობა ძირითადი შოკების მიმართ, იყო მთავარი მახასიათებელი ბოლო წლების საქართველოში, იმდენად, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს საბანკო ზედამხედველობის გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა.
გასული წლის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, ევროპის საუკეთესო ბანკირის წოდება ჩეხ მიროსლავ სინგერს მიანიჭეს.
The Banker მსოფლიოს პირველი საბანკო და საფინანსო რესურსია, რომელსაც 180 ქვეყანაში კითხულობენ.

banner
წინა სტატიაშითალიბანის მორიგი თავდასხმა ნატოს სამხედროებზე
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა