წალენჯიხა–”მხედრიონის” წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციიდან 23 წელი შესრულდა

"მხედრიონის" წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციიდან 23 წელი შესრულდა6 ივლისს, წალენჯიხის ყოფილი სკოლა – ინტერნატის ტერიტორიაზე, “მხედრიონის” წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციიდან 23 წელი შესრულდა.

ყოველ წელიწადს,დაღუპული ეროვნული გვარდიის მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფასთან რიგითი წალენჯიხელები და დაღუპული ბიჭების თანამებრძოლები იკრიბებიან…

 

 

გთავაზობთ პოეტ ოთარ ბელქანიას ლექსს 

   შავი ლაქა  (მხედრიონი წალენჯიხაში)

შავი ლაქა

(მხედრიონი წალენჯიხაში)

ივლისის დილა გათენდა,

მანიშნებელი ავისა,

მეჩოთირება მოყოლა,

მიჭირს გამხელა დარდისა.

ყური მივუგდოთ მომავალს,

გვიღირს მოსმენა ამისა,

რომ ავაცილოთ ამ მიწას,

განმეორება ჟამისა.

 

 

 

დღის სინათლეზე გამოჩნდნენ,

შავი სამყაროს გმირები,

თავისუფლებას ებრძოდნენ ,

ციხეში გამოზრდილები.

 

 

თითქოს ბასიანს ეკვეთნენ,

წყევლად მთისა და ბარისა,

თან დაყვათ ძგერა მურდალი,

ურჯულო ყიზილბაშისა.

 

 

 

უგუნურ ჭურვთა კაკანში,

ვაშლებს ფოთლები სცვიოდა,

გზააბნეული სულდგმული,

თავზარდამცემად ჰკიოდა.

 

 

სიკვდილმა მოინადირა,

რწმენა ურყევი ძალისა,

და აღარ ჰქონდა გარჩევა,

მტყუანისა და მართლისა.

 

 

უხვად აკრიფეს ნადავლი,

მზითევში დანატოვარი,

ყველა ცოცხალს და აჩრდილებს,

უკან მისდევდა მსტოვარი.

 

 

არ ამშვენებდა იმ დილას,

მზერა ჩამქრალი მთვარისა,

არ ეტყობოდა ცივ თვალებს,

არც მტრისა არც მოყვარისა.

 

 

რისთვის? ყვირიან ძალუმად,

ლაკადის მთაგრეხილები,

მრუმე საფლავში გმინავენ,

ძმათაგან გაჩეხილები.

 

 

მტერსაც აშორე უფალო,

ლაფში მოსვრილი გმირობა,

თუკი მეგზური დაბრმავდა,

მავნეა მისი შვილობა.

 

 

თვალი დაბურა სიელმემ,

თავად მოწმე ვარ ამისა,

ვისაც არ სჯერა უამბობს,

ზარი მაცხოვრის ტაძრისა.

 

 

სიკვდილმა მოინავარდა,

არც სიცოცხლეა ვალშია,

იმდროინდელი ცოდვანი,

დღემდე მოგყვება კვალშია.

 

 

სირცხვილის ლაქით მოსვრილი,

ასე დასრულდა თარეში,

შენ დაგვიფარე უფალო!

ჭირსა თუ სიმწუხარეში.

banner
წინა სტატიაშირა ბედი ელით ქართველ ემიგრანტებს–გიორგი ისაკაძის პროგნოზი
შემდეგი სტატიახუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს 111 შენიშვნა აქვს