ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების მიზნით, 20 აგვისტოდან რეგისტრაცია იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების წესი დაამტკიცა.
როგორც “თაიმერს” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აღნიშნული წესის მიხედვით, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროფესიული აქტივობების შეფასება და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კრედიტქულების მინიჭება მოხდება.
აღნიშნულ აქტივობებს, მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი არანაკლებ 3 წევრისგან დაკომპლექტებული კომისიები შეაფასებენ.
ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების კომპეტენციების შეფასება 4 მიმართულებით, სპეციალურად შექმნილი დადასტურების ინსტრუმენტებით მოხდება. აღნიშნული მიმართულებებია:
• სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა
• სასწავლო რესურსის შექმნა
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
• საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა
“ჩამოთვლილთაგან ეს უკანასკნელი მიმართულება მხოლოდ სერტიფიცირებულ, დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს ეხება.
თითეული მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს შეფასების წესით დადგენილი ერთ-ერთი აქტივობა მაინც, რომელსაც თავად ჩათვლის საუკეთესოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ხარისხის და არა რაოდენობის დადგენის პრინციპს. ხარისხიანად შესრულებული, თუნდაც ერთი აქტივობა საკმარისია იმისათვის, რომ თითეული მიმართულებით გამოჩნდეს მასწავლებლის კომპეტენციის დონე და პოტენციალი.
კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული აქტივობები მასწავლებლებს, ახალ სქემაში დამატებით აქტივობებად ჩაეთვლებათ და კრედიტქულები მიენიჭებათ”, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, შეფასების პროცესი იქნება გამჭვირვალე, რადგან შეფასება ეყრდნობა მკაფიოდ გაწერილ ინსტრუმენტებს – რუბრიკებსა და კითხვარებს, რომელთა შესახებ თითეული მასწავლებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კონსულტაციებით.
აღნიშნული აქტივობების შეფასებისა და აღიარების მიზნით, მასწავლებლებს შეუძლიათ 20 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, რესურსცენტრში წარადგინონ განაცხადი და განხორციელებული გეგმა, ხოლო 20 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, სკოლას, სადაც მოცემული მომენტისთვის იქნება დასაქმებული მასწავლებელი, შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში – “ისქულში” (eschool) ატვირთოს განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
“ცენტრის ისტორიაში პირველად ხდება, რომ დოკუმენტების ატვირთვა და შეფასება მთლიანად ელექტრონულად ხორციელდება. ეს არის ერთგვარი ტესტი და პილოტი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ახალი სქემის ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში მოუწევთ მუშაობა. ცენტრი დაეხმარება მათ, რომ ეს პროცესი მათთვის მარტივი და კომფორტული იყოს.
აღნიშნული პროცესის დაწყებამდე აღნიშნული დოკუმენტაციის ატვირთვის ინსტრუქცია განთავსდება როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და დაეგზავნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას”, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, მასწავლებლებს ეძლევათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ პორტფოლიოებს, შეარჩიონ საუკეთესო აქტივობები, ატვირთონ სისტემაში და იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ შეფასება გამჭვირვალედ და ობიექტურად განხორციელდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ
განაცხადის ფორმა, შეფასების წესი, შეფასების რუბრიკები,ESHOOL -ში ატვირთვის ინსტრუქცია, დამხმარე ინსტრუმენტები.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პოლიციის ავტომობილის საბარგულში ჩაძვრა
შემდეგი სტატიაოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება