ძალოსანი ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თურმანიძე კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად გუშინ აღიარა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული პრესკონფერენცია სწორედ ამ გამარჯვებას უკავშირდებოდა. ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე შეხვდნენ.
“მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ჩვენი ძალოსნების წარმატება. განსაკუთრებით სასიხარულოა ირაკლი თურმანიძის ჩემპიონობა – კარგია, რომ სამართალმა იზეიმა და ჩვენმა სპორტსმენმა დამსახურებული ოქროს მედალი მიიღო. ძალოსნობას დიდი ტრადიციები აქვს და სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს სპორტის ამ სახეობას”, – განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
კახიშვილის თქმით, თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინელმა ჩემპიონმა აკრძალული ნივთიერებები გამოიყენა, რის გამოც მას ოქროს მედალი ჩამოერთვა.
“ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ირაკლის უფრო დიდი წარმატებები წინ ელის”, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის თქმით, ნაკრების მომავალი ამოცანა შემოდგომით მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. მსოფლიო ჩემპიონატზე რიო დე ჟანეიროს საგაილო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, თუ რამდენი სპორტსმენით გაემგზავრება საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბრაზილიაში.
11-18 აპრილს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროსმედალოსანი, უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ჩემპიონობაც ქართველ ათლეტს მიენიჭა.
ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ და პორშაკმა 435 კილოგრამი დაძლიეს, მაგრამ მსუბუქი წონის გამო, ჩემპიონობა უკრაინელს მიენიჭა. დოპინგ-კონტროლის შედეგები ორი დღის წინ გახდა ცნობილი და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამაც ევროპის ჩემპიონად ირაკლი თურმანიძე გამოაცხადა.
თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველი სამეული +105კგ წონაში ოფიციალურად ასეთია:
1.ირაკლი თურმანიძე (საქართველო) – 435კგ (201+234)
2.ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) – 432კგ (200+232)
3.ალმირ ველაგიჩი (გერმანია) – 418კგ (193+225)

banner
წინა სტატიაში“ეს უკვე ბოლო და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ გადადგა” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც