ცესკოს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პარტიამ გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა, რასთან დაკავშირებული ინფორმაციაც თავად ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” “ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან” ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი – დამოუკიდებლად.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და მასში მონაწილეობას არ გეგმავდა.
პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტები გასართობ ცენტრ ”ციცინათელაში” მაღალი ფასების გამო ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ
შემდეგი სტატიათბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა