კოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს და მას ტრადიციულად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხება.
“მათ შორის, იქნება 4 კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარეების თემა. ვისაუბრებთ ამ კომიტეტების ამოცანებსა და საკითხებზე, რომლებიც ერთობლივად უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე “თავისუფალი დემოკრატების”ინიციატივაც იყოს.
“არ გამოვრიცხავ. ალბათ, ამაზეც იქნება საუბარი, თუმცა არამგონია ამას საქმიანი საფუძველი ჰქონდეს. უფრო პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, უმრავლესობა აღნიშნული დროებითი კომისიის შექმნას მხარს, სავარაუდოდ, არ დაუჭერს.
“ყოველ შემთხვევაში, ჩემი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება”, – დასძინა ვოლსკიმ.