“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება” – რეაქციისა და იმედის კვირის განცხადება

დახურული თოქ-შოუები

რეაქციისა და იმედის კვირის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მათ საკუთარი პოზიცია ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებაზე გადაცემების რეაქციისა და იმედის კვირის მოულოდნელ დახურვასთან დაკავშირებით დააფიქსირეს.

“ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც არხის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. საეჭვოა კომერციულ არხს ისეთი მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები, როგორიცაა რეაქცია და იმედის კვირა, საკუთარი ნებით შეეჩერებინა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, თან არჩევნებამდე 1 წლით ადრე.

“მიუღებელია ის ფორმაც, რომლითაც არხის მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაახმოვანა, რადგან 29 აგვისტომდე არცერთი მინიშნება და შეტყობინება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს არ მიუღიათ.

“ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო განცხადებები ამ გადაცემების მისამართით.

“იმედია, ტელევიზიის ხელმძღვანელობა საჯაროდ ახსნის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს და მოტივს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო მოხსნეს ეთერიდან არხის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი, ინგა გრიგოლია.

“გვინდა, გვჯეროდეს, რომ ტელეკომპანია იმედი არ დარჩება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუების გარეშე და ჟურნალისტებს მიეცემათ თავისუფალი მუშაობის საშუალება,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს, შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე” – 11 პარტიის ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო