“ჩვენ ურყევად მივყვებით ჩვენს არჩევანს, ჩვენს ევროპულ გზას”

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ეკა ტყეშელაშვილმა დაუსვა კითხვა, რას უნდა მოელოდეს საქართველო რუსეთისგან, რომელიც შეეცდება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისა და ნატო-სთან კავშირების განმტკიცების პროცესის შეფერხებას და როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ ამ გამოწვევებთან გამკლავება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე.

„რასაკვირველია, რუსეთი უკმაყოფილოა. რასაკვირველია, ჩვენ ვდგავართ გამოწვევების წინაშე სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის გამო. მაგრამ ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ეს არჩევანი გაკეთდა არა 2012 წელს, არც 2004 წელს, არამედ -საუკუნეების წინ. ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის არ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური გზა სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია და შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ამის გაცნობიერება რთული იყოს, თუმცა 21-ე საუკუნეში საერთაშორისო წესების დარღვევა დაუშვებელია.

ეკა ტყეშელაშვილი ასევე დაინტერესდა პრემიერის პოზიციით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვში კანცლერ მერკელისა და პრეზიდენტ ოლანდის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემის მშვიდობიანი, მოლაპარაკებებით გადაჭრის გზა უალტერნატივოა.

banner
წინა სტატიაშინიკოლა სარკოზი: ჩვენ რუსეთთან საერთო ცივილიზაცია გვაქვს
შემდეგი სტატიაუკრაინის პატრიარქი ქართველ მებრძოლებს დააჯილდოვებს