,,ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა”

 

ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც საზოგადოებას ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან მიმართებაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირების გეგმა გააცნო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასული 3 წლის განმავლობაში მოსახლეობის საჭიროებებზე დამატებით 2 მილიარდ 230 მილიონი ლარი დაიხარჯა.
“ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ მოსახლეობის სოციალური ხარჯები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ შევძელით ბიუჯეტში მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად ხარჯების აკუმულირება და სწორად, მიზნობრივად განაწილება ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალურად ორიენტირებულ საკითხებზე. კერძოდ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა ყველა კატეგორიის საპენსიო უზრუნველყოფით გათვალისწინებული გასაცემლები, რაზეც 3 წლის განმავლობაში დამატებით მიემართა 800 მილიონ ლარზე მეტი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გაორმაგდა საარსებო შემწეობა ჩვენი მთავრობის დროს სოციალურად დაუცველთათვის, რაზეც 3 წლის განმავლობაში დამატებით მიემართა 250 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ჩვენ ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამისთვის 400 მილიონ ლარზე მეტი გავეცით, რაც პირდაპირ მოსახლეობას მოხმარდა. ამასთან, გავაორმაგეთ შემწეობები დევნილებისთვის, რაზეც ამ პერიოდის განმავლობაში 50 მილიონ ლარზე მეტი იქნა გაცემული. ასევე, მასწავლებელთა ხელფასები იქნა გაზრდილი, რაზეც ჩვენ 300 მილიონ ლარზე მეტი მივმართეთ. გარდა ამისა, მოსწავლეთა უზრუნველყოფა დავიწყეთ სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ტრანსპორტით და ამ პროგრამისთვის დამატებით 50 მილიონი ლარი გამოვყავით. ამასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სუბსიდირების პროგრამები დავიწყეთ და მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს, რაშიც 265 მილიონი ლარი იქნა მიმართული. ასევე გეტყვით, რომ გაზის სუბსიდირებისთვის მიემართა 50 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის ჯამში 2 მილიარდ 230 მილიონი ლარი, რაც 3 წლის განმავლობაში იქნა დამატებით ბიუჯეტში გამონახული სწორედ ჩვენი მოსახლეობისთვის საჭირო და აუცილებელი ხარჯების დაფინანსებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებო ტარიფის კორექტირება განაპირობა გადაუდებელმა აუცილებლობამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობა დაასრულა
შემდეგი სტატიაშეწყალების კომისიის მიერ ლევან ბობოხიძის საქმის განხილვისას ზუსტად იყო დაცული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი