“ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, მაგრამ არა თავდასხმებისა და შეკვეთილი სიუჟეტების ფორმით”

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ მინისტრმა “მაესტროს ცხრიანში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
“შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანო საჭიროდ ჩათვლის მინისტრის მოსმენას, ჩვენ ღია ვართ და პირველ რიგში, ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტის წინაშე. მეორეც, ჩვენი სურვილიცაა გავუზიაროთ მათ ის ხედვები, რაც გაგვაჩნია, მივიღოთ რეკომენდაციები. ამ ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში მისი მისვლის თარიღი დაზუსტებული არ არის.

“ჩვენ არ გვეშინია თავდასხმების. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე და ნებისმიერ პლატფორმაზე შეგვიძლია ჩვენი პოზიციის დაცვა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინდია ჯანელიძემ ისაუბრა იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

“ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, მაგრამ არა თავდასხმებისა და შეკვეთილი სიუჟეტების ფორმით. ჯარი არის დეპოლიტიზებული და მისი პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არის ნაბიჯი უკან ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში. სავარაუდოდ, ამ ძალებს აშფოთებთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში. მიმდინარეობს პროცესები მხოლოდ ოპტიმიზაციის კუთხით, მათ შორის ორგანიზაციული და საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით. შესაბამისად, ამ ძალებს მინდა ვურჩიო, რომ მათ მღელვარების საფუძველი ნამდვილად არა აქვთ. თუ რაიმე საკითხია, ჩვენ ღია ვართ მათთვის. შეგვიძლია მრგვალ მაგიდასთან დავსხდეთ, მოსაზრებები გავცვალოთ. ასეთ რეჟიმში თავდასხმები და მიზანმიმართული კამპანია ყოვლად მიუღებელია პირველ რიგში ჯარისთვის, აქ ჩემს დისკრედიტაციაზე არ არის საუბარი”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დიინიშნა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რეფორმები და მისი საერთაშორისო იმიჯი სააკაშვილს ჩააბარა