ჩვენ ვართ ქართველ პოლიტიკოსთა ძალადობის მსხვერპლი

metreveliპოლიტიკა მაინც სხვა ხიბლია ქართველი ადამიანისათვის – ესაა სფერო, სადაც ყველას შეუძლია თავი ისე იგრძნოს, როგორც თევზმა  – წყალში. უპირველესი, უმთავრესი და თვალშისაცემი, რაც ასე თანამდევია თანამედროვე ყოფისა, სიტყვის რადიკალიზმია, რომელიც ეფუძნება უკიდურეს სუბიექტივიზმს და აღსავსეა სიძულვილითა და გესლით. ერთმანეთის ჯიბრით საქმის კეთების ტენდენცია, რომელიც გასდევს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, დამანგრეველი შედეგების მომტანია: კომუნისტების სიძულვილით მოვიდა გამსახურდიას ხელისუფლება, რომლის მიმართაც მტრულად განწყობილმა მეამბოხეებმა საბოლოოდ დაამყარეს შევარდნაძის მმართველობა, მერე ამ უკანასკნელის ზიზღმა ნაციონალური იდეოლოგიის ქვეშ გააერთიანა საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ნაცმოძრაობის მძულვარება გამოჰყვა ქართულ ოცნებასაც. მტრობით დანგრეულს სიყვარული აშენებსო და, საკითხავია, როდის უნდა დაუდგეს ქართველ საზოგადოებას სიყვარულით შენების ჟამი?!

ძნელია, თუ ერი გაუცხოვდება დემოკრატიული ფასეულობებისაგან, თუ დაირღვევა ნორმები და ღირებულებები, მაგრამ ეს არამდგრადობა, გარეგანი და შინაგანი წინააღმდეგობანი სულიერ და ყოფით დრამად არ უნდა ვაქციოთ. ახლა საოცარი სიძულვილია ორ პოლიტიკურ ძალას შორის: პირველი ამბობს, რომ ცხრა წელი დანაშაულებრივი სისტემა ჩამოყალიბდა და ამ რეჟიმის გასამართლებას ითხოვს, მეორე თავს იცავს და იქით გადადის შეტევაზე (პრინციპით – გაღმა შეედავე, გამოღმა დარჩები). ბალანსი დარღვეულია, შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე ვეღარ იტანს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აშკარაა ბიოლოგიური სიძულვილის ნიშნებიც კი. ყოფილის მხარდამჭერები ახალ პოლიტიკურ რეალობას ვერ იღებენ, ისევ ბელადის მოსვლის მოლოდინში არიან და გამოკვეთილია დეზორიენტაციისა და დეზადაპტაციის კლასიკური ნიშნები. ისე, რა დემონური ძალის პატრონი უნდა ყოფილიყო ჩვენი ექსპრეზიდენტი, ჩვენი მიშა, რომ ზოგს ერთადერთ ქართულ ოცნებად მისი საქართველოში დაბრუნება და მასთან გულთბილი ჩახუტება დარჩა! ენატრებათ მისი ექსცენტრული გამოსვლებოი, ქართული ბაქიაობა და ტრაბახი, რომ მხოლოდ ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოში (ან ევროპაში) საუკეთესოს, ჩვენ ვაძლევთ სამყაროს დემოკრატიის მაგალითსა და საქართველოდან იწყება ახალი ეპოქის დიდი ზვირთები!!!

ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია სოციოკულტურული ტრანსფორმაცია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ რადიკალურ ოპოზიციად უნდა დარჩე მხოლოდ შენი იდენტობის გადარჩენის აუცილებლობის გამო. ქვეყნის ისტორია არ დაწყებულა 2003 წლიდან. ნებისმიერ რევოლუციას, ვარდების იქნება ის თუ ყოჩივარდების, მოჰყვება ნგრევა, ნგრევა იწვევს მსხვერპლს. ამ ბოლო პერიოდში  ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ ჩვენს ეროვნულ იდენტობას დაემუქრა. აღარ ხდებოდა აპელაცია მარადიულ ღირებულებებთან, სიბრძნესთან, კულტურასთან. ყოფიერების ერთიან სტრუქტურაში ჩაეწნა უხეში დამანგრეველი ძალა და აღმოჩნდა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს – ნაციონალურ მოძრაობას – ისე მოსწონდა და ეამაყებოდა (როგორ ხშირად ისმის დღესაც სიტყვები: მე ამაყი ვარ…) ის, რასაც კი აკეთებდა, იმდენად თვითკმაყოფილი იყო, რომ მათი სიმართლის რწმენა ადგილს აღარ გვიტოვებდა არანაირი სხვა სიმართლისათვის. ასე უტიფრად და აგრესიულად დაინგრა ბევრი რამ და მოვლენათა განვითარების კანონზომიერებამ ცხრა წლის შემდეგ დაასრულა თარეში და აღვირახსნილობა მმართველი პარტიისა. დაბალი პოლიტიკური კულტურა, ბაქიაობა და თავმოწონება პოლიტიკური ცხოვრების წესად დამკვიდრდა. ამ ფონზე ხალხი უფრო აქტიური გახდა. რაც უნდა ცუდი თქვან ე. შევარდნაძის მმართველობის ბოლოდროინდელ პერიოდზე, ერთ რამეს ვერავინ დაუკარგავს – მას არ შეუქმნია საკუთარი თავის კერპი. საზოგადოება მასში ძველ პოლიტიკურ ლიდერს ხედავდა, მაგრამ ეს იმედიც მალე დაემსხვრა და „დიდი სტალინის“ აპოლოგეტ ქართველ ერს ისევ გაუჩნდა ბელადის – ქარიზმატული ლიდერისკენ ფარული ლტოლვა. მე საკუთარ თავს უნდა შევხვდე შენში – ეს სურვილი სდევს ქართულ პოლიტიკაში ლიდერთან მასის ურთიერთობას. ამიტომ იყო ზვიადიზმის სინდრომი საშიში, მერე „მიშტიკოსების“  თავგადაკლული სიყვარული (ლექსებად და სიმღერებად დაღვრილი: ბატონო მიშა, რატომ გებრძვიან , /  სიკარგის მეტი რა გააკეთე, / ვინც ვერ გაგიგებს, ვერ გაიხარებს, / ტანჯული ხალხი შენ გაახარე). შემდეგ მოუნდათ  ბ. ივანიშვილის კერპის შექმნა, მაგრამ არ დასცალდათ.

ივანიშვილმა დაამსხვრია მითი ფულისა და თანამდებობა-ძალაუფლების მონობა-სიყვარულისა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება საინტერესო ფაზაში გადავიდა – მან თანამდებობა დატოვა თავისი ნებით, საკუთარი სურვილით (არადა, როგორი იშვიათია თანამედროვე ადამიანისგან ძალაუფლებაზე უარის თქმა!). ახლა კი ამბობენ, კულისებიდან მართავს ქვეყანასო – შესაძლოა ასეცაა, შესაძლოა, ბევრი რამ ვერ გააკეთა მისმა რჩეულმა ხელისუფლებამ. არც იმას გამოვრიცხავ, რეჟიმი თუ შეიცვალა, მასაც მიადგნენ დასაჭერად, დაუყადაღონ ქონება… საქართველოში ყველაფერი ხდება (აღარ მიკვირს არაფერი!).

მეც თქვენსავით არც თანამდებობა  მითხოვია ივანიშვილისთვის, არც დახმარება და არც სტიპენდიები… მას ბევრი რამ  შეეშალა (თუნდაც ოცნებასთან არსებული თემატური ჯგუფების უგულებელყოფა და ამ ხალხის ჩამოშორება), მაგრამ შავი ჭირი რომ  მოგვაშორა, დემონური რეჟიმი რომ შეცვალა, ჩემთვის ესეც საკმარისია, მისი მადლობელი ვიყო!

გაიძახიან, ნეპოტიზმი  ააყვავა „ქართულმა ოცნებამო“, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე იყოს. ორი წლის წინ ჩემი ძმიშვილი ჯარში გაიწვიეს. ისე მოეწონა ჯარისკაცის ცხოვრება, მთხოვა, იქნებ სამხედრო სამსახურში დამტოვოო. ერთ მაღალჩინოსანს ვკითხე რჩევა (ჩემი ახლობელი იყო): რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, ჯარიდან დახსნას ხომ არ მთხოვს, პირიქით, სამხედრო სამსახურის გაგრძელება უნდა-მეთქი. ოჰ, მე დაგეხმარები, რა უნდა მაგას, პირიქით, კარგი გადაწყვეტილება მიუღიაო! – მითხრა. მთელი ერთი წელი ვახსენებდი იმ ჩემს „მეგობარს“ თავის დანაპირებს. ისე მოიხადა ჩემმა ძმიშვილმა სამხედრო ვალდებულება, რომ არავის გახსენებია არც ჩემი თხოვნა და არც თავისი „მტკიცე“ სიტყვა! ამის შემდეგ როგორ დავიჯერო, რომ ნეპოტიზმია აყვავებული ქვეყანაში. ისე, ჩემი ძმიშვილი, სამხედრო კარიერის ნაცვლად, ზესტაფონის პურის ქარხანაში მუშაობს ამჟამად. ვერ ავუსრულე, რასაც დავპირდი! ჰოდა, დამარწმუნეთ, აბა, რომ მართლაც ყვავის ნეპოტიზმი! ახლა ისე არ გამოვიდეს, თითქოს სააკაშვილის რეჟიმის დროს ახალაიების ოჯახური კლანი, გაბაშვილები  თუ კუბლაშვილები… ჩემი დანიშნული  იყვნენ უმაღლეს თანამდებობებზე. არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც განსაზღრავენ ადამიანთა უტიფრობას, მაგრამ ამ შემთხვევში ძირითადი მაინც თავდაცვის ინსტინქტის გამძაფრებაა და საპარლამენტო ოპოზიციის (ნაციონალების) ასეთი გავეშება, ორმაგი სტანდარტები მათი პოლიტიკური თავმოყვარეობისა და ღირსების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმის ლეგიტიმურ უფლებას იძლევა. ო, როგორ მენატრება კონსტრუქციული ოპოზიცია, პირადი წყენისაგან, პირადი კაპრიზისაგან, სუბიექტურობისგან თავისუფალი და მხოლოდ საქვეყნო საქმეზე გადაგებული!!! ეღირსება ამ ქვეყანას ასეთი პოლიტიკური კულტურა?!

„რუსთავი 2-ის“ მიერ დეფორმირებული სინამდვილე ისევ გესლით იმზირება, მაგრამ აღარ დამთავრდა დიდი პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური გაუგებრობა, სიცოცხლით ტკბობისა და თვითკმაყოფილების აბსურდი. თუ გამოცდილებაზე შეგვიძლია რამეს სწავლა, ახლა უნდა მივხვდეთ, რომ სააკაშვილის რეჟმის სახით თავისუფლებისა და რეალური დემოკრატიის სუროგატთან გვქონდა საქმე, რომ გმირისა და ბრძენის კონტრასტული ანაბეჭდი დაგვიდო ეპოქამ წინ, რათა გასაგები გამხდარიყო ჭეშმარიტი სიბრძნეცა და გმირობა-მამულიშვილობაც. ვისწავლეთ რამე? ვაქციეთ წარსული კრიტიკულ აწმყოდ? ვიპოვეთ ჩვენი თავი იმ შეცდომებში? ვაკვირდებით, გუშინდელი როგორ განგვსაზღვრავს  დღეს?! – მეტი არ იქნა ჩემი მტერი, დღეს და ახლა ქართველობას ანალიზის მზაობა არ ჰქონდეს და  ვიმკით კიდეც ისტორიული გარდაუვალობის ნაყოფს!

მოქმედი ხელისუფლების უნიათობაზე უკვე სერიოზულად საუბრობენ იმ წრეებშიც კი, რომლებიც მისი უპირობო მხარდამჭერი იყო. რაღაც ტემპი დავარდა თითქოს ან იქნებ იმისი ბრალია ყველაფერი, რომ ბევრს აკეთებთ, მაგრამ პიარი არ გივარგათ! მოქმედი პრემიერის საუბრის მანერა და ინტონაცია ოპონენტებთან ვერაა მთლად კორექტული. სასაცილო იქნება, ვინმემ ნაციონალების სიყვარული დამაბრალოს, მაგრამ თქვენ ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი ბრძანდებით, ბატონო ირაკლი,  და ყველა გამოწვევას, ყველა რისკს ზომიერებითა და კეთილგონიერებით უნდა უპასუხოთ. რამდენი ვინმე არ მომწონს, რამდენი რამ მაღიზიანებს და მითიშავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მაგრამ, რაც მე მეპატიება, თქვენ არ მიგეტევებათ. ამ ქვეყანაში ვიღაცამ ხომ უნდა დაძლიოს სიძულვილი და სხვა რეჟიმში გადაიყვანოს პოლიტიკური ცხოვრების კულტურა?! ამ კონტექსტში ჟან ბოდრიარის სიტყვები ამეკვიატა: „ძალადობას ჩაგვრა შობს, ზიზღი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს ნაგავსაყრელისთვის იმეტებენ“! ჰოდა, ეგებ სიყვარულით, ტკბილი სიტყვითა და დაყვავებით შემოვაბრუნოთ ჩვენკენ თუ არა, სახელმწიფოსკენ მაინც ჩვენი სისხლი და ხორცი, – ყოფილი ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები!!!

metreveli (1)

რატომ უნდა მიყვარდეს ან მძულდეს პოლიტიკური ფიგურა? – ესაა ერთი დიდი თავსატეხი დღევანდელობისა. გასათვალისწინებელია ის, რომ სიძულვილი და სიყვარული ინდივიდუალურია და არ შეიძლება საიმედო და ვალიდური ინდიკატორი იყოს იმისა, თუ სინამდვილეში რა ხდება პოლიტიკურ არენაზე, საით მიგვყავს ქვეყანა და რა პერსპექტივაზეა გათვლილი სახელმწიფოს პოლიტიკა. როცა ასე რადიკალურად ხარ განწყობილი პოლიტიკური ფიგურის მიმართ, მაშინ არ გეძლევა ობიექტური ანალიზისა და განსჯის შესძლებლობა. სიყვარული ან სიძულვილი ხელს უშლის ავ-კარგის დანახვას. პირველის დროს მხოლოდ კარგს ხედავ, მეორისას – მხოლოდ ცუდს. გასათვალისწინებელია ის უტყუარი ჭეშმარიტებაც, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის, ყველა ხელისუფლების ოპოზიციას უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა იმდენად დაბალ დონეზეა, რომ შეფასებათა სისტემა დალაგებული გვაქვს პოლიტიკოსის არა სამოქმედო პროგრამასა და კონცეფციაზე, არამედ ბრტყელ-ბრტყელ საუბარსა და პიარზე. მოგვწონს ის, ვინც გულზე ხელის ბრაგუნით გვესაუბრება და ყურს არ ვუგდებთ ჩუმსა და ინტელექტუალურს. როცა ყველაფერი პროფანაცია, სუროგატია ღირებულისა, დგება კრიზისი. დიდი ხანია კრიზისში ვართ: იქნება ეს მნიშვნელობათა ტოტალური კრიზისი თუ კრიზისი ღირებულებებისა და რეალობისა. შესაბამისად, ჩვენი ადეკვატური ქცევის ხარისხი ძალიან დაბალია.

არასოდეს მყვარებია პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მაგრამ, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხარ, ჩემო პრეზიდენტო!!! თქვენ გამიღვივეთ გულში პოლიტიკური სიმპათიები და იცით რატომ? – მიშა-მიშას მღაღადებელმა ხალხმა არც კი იცის თქვენი არსებობა; არადა, როგორი მოულოდნელი იყო ასეთი მკვეთრი შემობრუნება, – პოლიტიკური ლიდერის, უფრო ბელადის, გაქრობა ასპარეზიდან. ამ დიპლომატიური ნაბიჯით თითქოს შემოიტანეთ რიგით კაცად ცხოვრების კულტურა, იმ ზედმეტისა და საშიშისაგან გაგვათავისუფლეთ, რომლითაც მაღალ იდეალებზე ფიქრიც კი ზედმეტია. შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეთ, მაგრამ საქართველოში სტერეოტიპი დაანგრიეთ, პირველი კაცის სტერეოტიპი, ისეთი მმართველისა, ყველა მონურად რომ ეგება ფეხქვეშ და ელაქუცება.

დღევანდელი ქართველი საზოგადოების ცნობიერების ღრმა ფარული თუ ხილული პრობლემები განპირობებულია ქვეყანაში არსებული ტოტალური პოლიტიკური ისტერიით. ჩვენ ვართ ქართველ პოლიტიკოსთა ძალადობის მსხვერპლი. მეშინია, ეკრანიდან არ დაგვგესლონ რატიანმა და კანდელაკმა; ვერც  სუსტი სქესის ორი ძლიერი წარმომადგენლის, ირმასა და ჩიორას, რიტორიკას ვუძლებ, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ნათელაშვილის ექსცენტრულ გოდებას, მათი დელიკატური სიძულვილის ენა მირჩევნია. ხაჩიძის გაცვეთილი ცინიზმი და ჭიაბერაშვილის ზეინტელექტუალური გაღიმება მენატრება, ქუცნაშვილის „ფარული ვნებები“ და ალასანიას რეიტინგული ჟესტი მიდგას თვალწინ, ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის გულითადი თანამშრომლობაც მომაკლდა თითქოს…

ზოგადად, პოლიტიკოსთა ასპარეზი ყოვლისმომცველია, ანთხევენ შხამსა და გესლს. ასე დაიწყო თავისუფალ საქართველოში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში და ამავე უსარგებლო ინერციით მივექანებით დღესაც. ქვეყანა იქცა მუდმივი დაპირისპირების პოლიგონად. სიძულვილი  ანგრევს ერთსულოვნების განცდას. როცა ერს ყოფნა უხდება ფარისევლობისა და უტიფრობის ზღვარზე, მაშინ რთულია მას მოსთხოვო იდეალებისა და ფასეულობების მიმართ ერთგული მსახურება.

 

 

 

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ასეთი პარლამენტი არ უნდა ჰყავდეს
შემდეგი სტატიაროდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ შეთქმულების თეორიებზე, უბრალოდ უხერხულია