“ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება”

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა.

ახლადგახსნილი საწარმო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ჩაის ხარისხი, წარმოების დონე, მათ შორის, დაფასოების სტანდარტი კარგი საფუძველი იქნება ჩაის წარმოების, ექსპორტის გაზრდისა და დარგის განვითარებისთვის.

„ჩაის წარმოების აღდგენა არის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ეს გახდება საჯარო დოკუმენტი ყველასთვის. ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება, ხელი შევუწყოთ ამ დარგის წახალისებას საქართველოში. ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინური მხარე საქართველოდან ჩაის ექსპორტით დაინტერესდა.

მანვე, კომპანია „გეოპლანტის“ დირექტორ მიხეილ ჭკუასელს მადლობა გადაუხადა ქართული ჩაის აღორძინების საქმეში გაწეული წვლილისთვის.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ოზურგეთში გაიხსნა ჩაის დასაფასოებელი საწარმო, სადაც ადგილობრივ გლეხებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ და ჩააბარონ ჩაი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის “გეოპლანტის” დირექტორ მიხეილ ჭკუასელს და მინდა ვთქვა, რომ საქმე, რომელსაც ის და მისი გუნდი აკეთებს, ჭეშმარიტად ქართულია”, – განაცხადა პრემიერმა.

1300 კვ/მეტრზე განთავსებული „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო დაფინანსდა პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. კომპანია, საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად გეგმავს 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას. კომპანია აწარმოებს 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილ: პუტინი ახლა იქ “შეძვრა” საიდანაც ცოცხლები ვერ გამოდიან
შემდეგი სტატია“აღმასკომის სხდომის დატოვება ალექსანდრე ჩივაძემ მთხოვა”