“ჩვენ გვჯერა, რომ ყველგან, სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს”

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველომ გამოხატა მზადყოფნა, ევროკავშირის, ნატო-სა და გაეროს ძალების გვერდში დადგეს.

როგორც ხიდაშელმა ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრისას განაცხადა, ყველა ბრძოლაში, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, ქართველი სამხედროები, საქართველოს იცავენ.
“ქართველები იბრძოდნენ ყველგან ბოლო ათწლეულებში – ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში. საქართველომ გამოხატა მზადყოფნა, ევროკავშირის, ნატო-სა და გაეროს ძალების გვერდში დადგეს, ყველგან სადაც უჭირს მსოფლიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველგან, სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს. ყველა ბრძოლაში, რომელიც არის ტერორიზმის და დესპოტიზმის წინააღმდეგ, ვიცავთ საქართველოს, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, ვიბრძვით მათი უკეთესი მომავლისთვის. მინდა რომ დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც იბრძოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მსოფლიო მშვიდობისთვის და ამით იცავდა საქართველოს. მინდა ქედი მოვიხარო ყველა იმ დედის წინაშე, ვისაც ჰქონდა მსხვერპლი. ჩვენს თვალწინ იბადებოდნენ და იზრდებიან გმირები, რომლებითაც საქართველო ამაყობს. სამწუხაროდ ხშირად მათთან გამოთხოვებაც გვიწევს ხოლმე. დიდი მადლობა ყველა ჯარისკაცს. მინდა სჯეროდეს მსოფლიოს, რომ საქართველოს სახით მას ჰყავს პარტნიორი, რომელიც მზად არის თქვენთან ერთად იდგეს ყველგან, იბრძოლოს ყველა იმ ომში, რომელიც მსოფლიოს მშვიდობას მოუტანს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

banner
წინა სტატიაში„საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანმხვედრ ქვეყნად“
შემდეგი სტატიადოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.2572 ლარი გახდა