,,ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები, უმუშევრობის დონე დაეცა”

პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართული საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ფაქტები, სტატისტიკა და მათთვის საინტერესო ინფორმაცია გააცნო.

ჩამოთვლილ მიღწევებს შორის ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გამოყო სასამართლოს დამოუკიდებლობა. როგორც მან აღნიშნა, მისი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორად ეს არის და სასამართლო ხელისუფლების გავლენისგან სრულად თავისუფალია.

„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა. მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით. ფონდი ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს ისეთ მეწილებს, როგორიცაა აბუ-დაბის ჯგუფი, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო ჯგუფს და სხვა მსხვილ ფონდებს. ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც სტაბილურს და პოზიტიურს. კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვთვლი რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორად ეს არის და სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ისაუბრა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ მმართველობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებაც. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ამ ანგარიშის რეიტინგების სათავეშია, რაც დიდი წარმატების უტყუარ მაგალითს წარმოადგენს.

„2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა: 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში; 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში; 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში; 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში; 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველო განლაგებულია უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ქსელის გულში.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, თურქეთსა და რუსეთთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, ე.წ. დსთ-ს ქვეყნებთან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. მე სულ ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, და მალე ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა თუ, რას სთავაზობს საქართველო ინვესტორებს, შემდეგ კი, საქართველოს ეკონომიკური გუნდის წევრებთან პირისპირ სასაუბროდ მიიწვია. პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის წევრებიც წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში,,ყველა სფეროში გვაქვს არნახული პროგრესი”
შემდეგი სტატიავაზიანში ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა