ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერს–ალეკო ელისაშვილი

ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერსსაკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არასამთავრობოების წინააღმდეგ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ლამის ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა დავწერო ორიოდ სიტყვა.

აქამდეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ უსასრულო სიცხისგან დაოსებული ვიყავი აგერ 5 დღე და ვერაფრით შევძელი ელემენტარული ტექსტის აკრეფვა.

მაშ ასე:

1. ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერს.

შევარდნაძეს იგორ გიორგაძე ჰყავდა, სააკაშვილს პუტინის მეხუთე კოლონა, ეხლა კი ბიძინა ივანიშვილმა ახალი მტრის ხატის შექმნა დაიწყო – არასამთავრობო ორგანიზაციების სახით.

აი, ვინ უშლის თურმე ხელს „ოცნებას“, აი, ვინ აფერხებს 1 ოქტომბრის იდეალების აბრღდღვიალებას, აი, ვინ არ აძლევს მთავრობას გასაქანს. ჰკა, უცხოეთის დაფინანსებულ არასამთავრობოებს – თქვა საქართველოს ფორმალურ-არაფორმალურმა მმართველმა და მიდიიიი, მოგეცა ლხენა გამოჩნდა „პაჭკა-პაჭკა“ კვერის დამკვრელები ! ჰარიქა, ვასიამოვნოთ ბატონ ბიძინას ეგებ მერე საარჩევნო სიებში ჩაგვსვას, ან სულ მცირე ორიოდე უზალთუნი გადმოგვიგდოსო და გაჩაღდა დოღი.

არადა, ვის წინააღმდეგ ილაშქრებენ? იმ ორგანიზაციების რომლებიც წლებია თავის ღონიერ აგურებს დებენ ამ სახელმწიფოს ნორმალურად ჩამოყალიბების საქმეში. იმ ორგანიზაციების, რომლებიც არცერთ მთავრობას არ დარიდებიან და ძმრად ადენენ საბიუჯეტო თანხების უაზრო და მავნებლურ ფლანგვას, ავლენენ თაღლითურ და კორუფციულ სქემებს, სახელმწიფო მოხელეებს ამხელენ ყოველი უაზრო პრემიის გამოწერისას.

ეს არიან ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გააჯანსაღონ საარჩევნო სისტემა და გარემო და რაც მთავარია უამრავ უფულო, დაუცველ მოქალაქეს ყოველგვარი თანხის გარეშე იურიდიულად ეხმარებიან. და ასეთი მოქალაქე ათასობითაა. ეს ორგანიზაციები არის უამრავი ადამიანის ბოლო იმედი ხშირ შემთხვევაში !!!

პირადად წლებია ვიცნობ ეკა გიგაურს, კახა კოჟრიძეს და ნინო ლომჯარიას – ესენი არიან განათლებული, პრინციპული და წესიერი ადამიანები. მე მათ სრულად ვუდგევარ მხარში – ისევე როგორც ვცემდი და ვცემ უდიდეს პატივს მათ ენერგიულ და პრინციპულ ორგანიზაციებს.

ვიცი გრძლად გამომდის მაგრამ დაფინანსებაზე ვიტყვი ორ სიტყვას – ჩვენი ბიზნესმენების სამარცხვინოდ ამ წლების მანძილზე ხან ათას უგვანო პოლიტიკოსს შავად აძლევდნენ მილიონებს, ასე ჩანთით მიჰქონდათ ხოლმე, ხან სააკაშვილს-მერაბიშვილ-ადეიშვილი დაუნდობლად პარსავდა ხოლმე.

და ერთს არასოდეს აღმოაჩნდა სამოქალაქო შეგნება და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ ეთავა მაგალითად რაიმე საზოგადოებრივი ფონდის შექმნა, სადაც მდიდარი ქართველები ჩარიცხავდნენ გარკვეულ თანხას, აირჩევდნენ სანდო და კომპეტენტურ სამეურვეო საბჭოს, განსაზღვრავდნენ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პრიორიტეტებს და გამოაცხადებდნენ საგრანტო კონკურსებს, რათა ასე ჩაენაცვლებინათ უცხოური ფონდები. არა, ამას ვერცერთი “ქელანა გრუზინი” ვერ ხვდება. ურჩევნია მიატანინონ, მოატანინონ….
მახსოვს ერთხელ გუდიაშვილის აქციების დროს ერთი გოგო მოვიდა – საერთოდ უცნობი და გვითხრა – სამსახურში მე-13 ხელფასი ჩაგვერიცხა და თქვენ უნდა გადმოგირიცხოთო. თქვენ ყველას საქმეს აკეთებთ და ამით მინდა გვერდში დაგიდგეთო. მარა ამდენი სად ესმით ჩვენ “ცეხავიკებს”.

და კიდევ ერთი – პოლიტიკოსმა, რომელსაც ქვეყნის განვითარების საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მისია არ ესმის, წავიდეს და ნაცარი ქექოს. ხოლო – მთავრობას და მმართველ პარტიას ვთხოვ, საქმეს მიხედოს და მტრის ხატის შექმნის კამპანიაში მეტისმეტად ნუ გაირჯება.

საკუთარი შეცდომების აღიარება და გამოსწორებაა ყველაზე დიდი საქმე და კაცობა და არა სხვების დაუსაბუთებლად დადანაშაულება.ჭკვიანმა ხელისუფლებამ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა აშენოს ნორმალური ქვეყანა, ჭკვიან ხელისუფლებას ზედმეტი შიშები არ უნქდა ჰქონდეს, „ნაციონალური მოძრაობისაც“ კი. ვინაიდან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჭკვიან კაცს „ნაციონალების“ ერთ ნაწილის ძალიან ეფექტურად გამოყენება შეუძლია, ისევ საქვეყნო საქმეში, ამით კი მეორე ნაწილს საერთოდ პირღიად და უშანსოდ დატოვებდა. ეს კიდევ ცალკე თემაა და სხვა დროს იყოს.
ნასიცხარზე ახლა ამას მოვუყარე თავი” – წერს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ
შემდეგი სტატიაფოთში მეთევზეების აქცია გაიმართა