“ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როცა რთული არჩევანია გასაკეთებელი”

გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხოკრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, იყოს ოჯახთან ერთად, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ.

“მოგახსენებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა.

ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია.

ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად.

ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა.

მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია, – აღნიშნულია ხოკრიშვილის საგანგებო განცხადებაში.

ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა. მანამდე ის 2014 წლის აპრილიდან ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტის უშუალო კონტროლი და ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში არ არის სწორი,” – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიაგერმანიამ ფრენის რისკების შესახებ იცოდა და არ თქვა