შტაინმაიერმა და კვირიკაშვილმა საქართველოში გერმანული ბიზნესის გაძლიერებაზე ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, დაისახა მრავალი მიმართულებით ურთიერთობის განვითარების გეგმები.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გერმანის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ძალზედ მნიშვნელოვანი ახალი გზის დასაწყისია, ეს არის ნაბიჯი საქართველოს დაახლოებისა ევროპასთან და გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დაახლოებას“.
მინისტრებმა მიმოიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები. „ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია მათ შორის იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის რეჟიმი გახდეს გამოყენებადი. ამის გარეშე მცირე ბიზნესს არ ექნება საკმარისი ინსტრუმენტი გაეცნოს ევროპის ბაზარს, იქ არსებულ შესაძლებლობებს და იპოვოს პარტნიორები. ამ პროცესში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის მხარდაჭერა. საქართველომ სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი კარგად დაასრულა, ახლა ველოდებით დადებით ანგარიშს და ევროპელი პარტნიორების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“-განაცხადა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარება. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე. „მიხარია, რომ გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს და ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას, ასევე მოხარული ვარ, რომ იგი იზიარებს საქართველოს მთავრობის მიდგომას აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და საქართველოში გერმანული ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის კულტურისა და განათლების სფეროებში.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის სამომავლო საქმინობაში. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შტაინმაიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი ერის მეტად დამეგობრების საწინდარი იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოახდენთ რეაგირებას