შს სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტს გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც შს სამინისტროს გაყოფას, საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საკანონმდებლო პაკეტი, კომიტეტების წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ გააცნო. უწყების ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსებისთვის დაახლოებით 36 მილიონ 743 ლარის გამოყოფა დასჭირდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტში აღნიშნული თანხი გათვალისწინებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თანხა, შსს-ს საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოეყოფა.

მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია 55 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი. მთავარი კანონპროექტებია “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” პროექტი და “პოლიციის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც პირველი აგვისტოდან არის დაგეგმილი.

პირველი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიცაა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შს სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.

საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას პირველი მოსმენით სესიაზე გავა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური დევნა ფიროსმანზე „მამალი და კრუხ-წიწილადან“ დაიწყო!!!
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გახსნა