შსს-ს მახლობლად პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ვერ იპოვეს. ძებნა მიმდინარეობდა ჯავახეთის ქუჩაზე და ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, საცხოვრებელ კორპუსებში. ძებნას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, ასევე, საგამოძიებო სამსახური, კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწარმოებდნენ.
აღნიშნული ტერიტორია სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. ასევე მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვა როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ოპერაცია დღეს გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათიდან დაიწყო. მათივე ცნობით, პოლიციელებმა ყველა საცხოვრებელი სახლი, ავტობაზრობის მთელი ტერიტორია და ყველა ავტოფარეხი შეამოწმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი გუშინვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიაუკრაინაში კომუნისტურ იდეოლოგიას აკრძალავენ