შსს-მ თაღლითობის ფაქტზე 43 პირი პასუხისგებაში მისცა

სამართალდამცავებმა თბილისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე, 43 პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთ ვებ-საიტზე სხვადასხვა დროს შეიძინეს სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება და პროდუქცია. მათ გადახდის დროს, ფასდაკლებების ვებ-საიტის ელექტრონული საგადახდო დავალების ვებ-გვერდში ხელოვნური ჩარევის გზით, თანხის ველში უკანონოდ შეიტანეს ცვლილება და პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად 0,01 თეთრი მიუთითეს, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, მიზერულ ფასად შეძენილ მომსახურეობას და პროდუქციას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ფასდაკლებების კომპანიამ დიდი ოდენობით – 95047 ლარის მატერიალური ზიანი მიიღო. ყველა ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპაპი ფრანცისკი: რუსეთის გარეშე მსოფლიო პრობლემების მოგვარება შეუძლებელია…
შემდეგი სტატია“სტუდია მაესტროს” პარტნიორი, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს