შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს თბილისში აქციით აღნიშნავენ

დღეს, 18:00 საათზე შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სოლიდარობის აქცია იგეგმება.

18:00 სთ-ზე აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან და მსვლელობით რიყის პარკში ლესელიძის ქუჩის გავლით გაემართებიან.

რიყის პარკში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, სადაც აქციის მონაწილეები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლებს დაანთებენ და სოლიდარობის ნიშნად საჰაერო ფრანებს გაუშვებენ. აქციის მონაწილეები სპეციალურად ხსოვნის საერთაშორისო დღისთვის შექმნილ საინფორმაციო მასალებს გაავრცელებენ.

დღესვე, მსგავსი აქცია შემდეგ ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისსა და სამტრედიაში გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN) და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელია (GeNPUD).

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ დღეს აქციის გამართვის მიზანი აივ-ინფიცირებული 35 მილიონი ადამიანისადმი გლობალური სოლოდარობის გამოხატვა, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება და მომავალი თაობისათვის იმედის მიცემაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში აივის ვირუსით 35 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. შიდსით გარდაცვლილთა რიცხვი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 39 მილიონია.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 4951 შემთხვევა. შიდსი 2946 პაციენტს განუვითარდა. შიდსის ვირუსმა უკვე 1015 სიცოცხლე შეიწირა.

ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ანტივირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ სიკვდილიანობის შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ინფიცირებულთა მხოლოდ 37% იღებს მისთვის საჭირო მკურნალობას.

აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
2015 წლის 24 მაისს მსოფლიოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 32-ჯერ აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიკოკაინის ზემოქმედებაში მყოფმა სუბლატმა შშმ პირს უყვირა და კინაღამ სცემა–ფეიკი
შემდეგი სტატიავაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს