“შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულება იქნება”

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით,ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება, კვლავ ვაჭრობის საკითხი იქნება.

“მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ იმართება ეს შეხვედრა. ტრადიციულად, შეხვედრის ძირითადი თემა ვაჭრობის საკითხები იქნება. ამჯერად, შეხვედრა მიეძღვნება საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ბერუჩაშვილმა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიშის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გაიმართება.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არის საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარული კომპანია „ეს-ჯე-ესი“, რომელმაც ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი უნდა დააწესოს საქართველოსა და რუსეთს შორის.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი 2012 წლიდან მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკების ძირითად თემას რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში“ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში მოსკოვის ძალისხმევას მიესალმება”
შემდეგი სტატია“სამივე მათგანი კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე იყო, ვისურვებდი თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ”