„შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებთან ვინმესთვის კონფრონტაციული იყოს“

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ არ არსებობს ევროპული პოლიტიკა, რომელიც კონფრონტაციას გულისხმობს.

ამასთან, როგორც ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროპული გზა არ შეიძლება გახდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევის საბაბი. მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის რუსეთისთვისაც.

„არ არსებობს ევროპული პოლიტიკა, რომელიც კონფრონტაციას გულისხმობს. შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებთან იყოს ვინმესთვის კონფრონტაციული. ეს არ უნდა გახდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევის საბაბი. ევროკავშირის კარის ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, მაგრამ უნდა სცე პატივი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს მთავარი მოთამაშე რომ გახდე, რაც ყირიმის ანექსიის შემთხვევაში არ მოხდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რუსეთი დაუბრუნდება პასუხისმგებლიან ქმედებებს“, – განაცხადა მოგერინიმ.

ამასთან, როგორც ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესი და სამეზობლო პოლიტიკის კომისრების პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო ევროპული პოლიტიკის გადახედვის პროცესი.

მისივე თქმით, ურთიერთობების შეფასების პოლიტიკიდან ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგსა და პარტნიორობაზე გადადის.

„გადავწყვიტეთ ოფიციალურად დავიწყოთ ევროპული პოლიტიკის გადახედვის პროცესი, ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა. ჩვენი რეგიონი შეიცვალა, იყო რადიკალური ცვლილებებიც და ასევე გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯებიც, მაგრამ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას და თანამშრომლობას, რადგან ურთიერთობების შეფასების პროცესიდან უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგსა და პოლიტიკურ პარტნიორობაზე. უნდა გამოვიყენოთ ყველა პოტენციალი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში რეგიონებზე ეფექტური გავლენის მოსახდენად“,-განაცხადა მოგერინიმ

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა. ასოცირების შესახებ შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) ითვალისწინებენ ევროკავშირთან მoმავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას, საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.

საქართველო – ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირის “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” შედეგია, რომელიც 2004 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატია“ამ საქმეში ივანიშვილის პირადი ინტერესი ცხადია,” – სერგო რატიანი საყდრისზე