“შემიძლია ვუთხრა ამერიკულ საზოგადოებას, არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს”

javaxishvili

ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ქართულ და ამერიკულ საზოგადოებას, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს , – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება არ მოუსმენია.
“ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ქართულ საზოგადოებასაც და ამერიკულსაც, რომ არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს. მე სხვათა შორის, რამდენიმე ელჩმა მითხრა და ყველა დავაწყნარე, რომ არავინ არ ებრძვის არც ერთ ტელევიზიას, მათ შორის, “რუსთავი 2″-ს და არავინ აპირებს ტელევიზიის დახურვას”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს მიმართა, რომ ამ საკითხს პოლიტიკურად პირველ რიგში სწორედ ისინი აქცევენ.
“საუბარია დამფუძნებლებს შორის ურთიერთობაზე. რა შუაშია აქ პოლიტიკა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, რომ დაყადაღებულია “რუსთავი 2”-ის ქონება, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ქონება დააყადაღა მოსამართლემ.
“ვინ დააყადაღა, მოსამართლემ დააყადაღა. ანუ ეს არის როგორც წესი, სამართლიანი გადაწყვეტილება. რატოა ეს პოლიტიკური”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამფუძნებლებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და არც ერთი სახელმწიფო არ იკადრებს ამაში ჩარევას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, უწყება “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
“ჩვენ ამის შესახებ აქამდეც გვისაუბრია. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით”, – განაცხადა კირბიმ.

banner
წინა სტატიაში,,თიბილოვის ამოცანა არის ძალიან ნათელი, მან ერთგულება, მუდმივად უნდა დაუდასტუროს პატრონებს”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი იტალიის ახალ ელჩს შეხვდა