“შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც მუშაობს ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს მძიმე და შოკისმომგვრელს უწოდებს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, როდესაც შვილმკვდარ მამას, ადამიანს, რომელიც სიმართლის დასადგენად იბრძვის, საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებ, ეს არის უზარმაზარი ცინიზმი.

„მე ვფიქრობ, ეს არის მთელი საზოგადოების გამოწვევა. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოძიებულ იქნას როგორც ეს ფაქტი, ასევე მისი შვილის მკვლელობის ფაქტი, რომელიც 2006 წელს მოხდა და ამის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. სამწუხაროდ, ეს საქმე ჯერ გამოძიებული არ არის. ყოველ შემთხვევაში დამნაშავე პირები არ გამოვლენილან. რა თქმა უნდა, მე ამ ორ საქმეს ვაკავშირებ. ჩემი პოზიციაა, რომ ეს სწორედ მისი შვილის მიმართ ე.წ. სპეცოპერაციის საქმეს უკავშირება. ბოლო პერიოდში ის ძალიან ღიად ასახელებდა კონკრეტულ პირებს, გვარებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს დეტალი ზედმიწევნით გამოძიებული და გამოკვლეული უნდა იყოს. ამის ვალდებულება აქვს პროკურატურას. მე იმედს გამოვთქვამ, რომ პროკურატურა ამ მძიმე ტვირთს აწევს და ამ ვალდებულებას შეასრულებს ისე, როგორც ეს უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც მუშაობს ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა. ხაზს ვუსვამ, ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თუ ასეთი ხალხი კიდევ იქ არის, გამოვლინდეს და ყველამ კანონის წინაშე პასუხი აგოს, ვისაც დანაშაულთან შეხება ჰქონდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს დროში არ გაიწელება და ფაქტობრივი გარემოებები გონივრულ ვადაში გამოვლინდება. ამაში მთელი პასუხისმგებლობა აქვს პროკურატურას, ზოგადად ხელისუფლებას. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ტურჩინოვი – მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება
შემდეგი სტატია25 იანვარს თბილისში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება?