„შეთანხმება 2008 წელსაც იქნა მიღწეული, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაყინული კონფლიქტი მივიღეთ“

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლა რუსეთის საზღვრებთან ორი კონფლიქტის წერტილია, ერთი მათგანი კი საქართველოა.

ალექსანდრ სტუბმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრისას პარალელი საქართველოსთანაც გაავლო.

„ჩვენ მშვიდობას შანსი მივეცით. მოხარული ვარ, რომ ფრანსუა ოლანდისა და ანგელა მერკელის სამშვიდობო გეგმას ცეცხლის შეწყვეტის გაფორმება მოყვა. ახლა მხოლოდ იმედი დაგვრჩა, რადგან გასულ პერიოდში ცეცხლს ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა. არ ვფიქრობ, რომ ახალ სანქციებზე ვიმსჯელებთ, რადგან მშვიდობას შანსი უნდა მივცეთ. თუ ეს არ იმუშავებს, ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ გაყინულ კონფლიქტს. ჩვენ ახლა რუსეთის საზღვრებთან ორი კონფლიქტის მომსწრენი ვართ. ერთი მათგანი საქართველოა. ახლა კი უკრაინა. ამიტომ მომავლისთვის ურთიერთობის ნორმალიზებას უნდა შევეცადოთ. საქართველოში 2008 წელსაც იქნა მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება 5 დღის ვადაში, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაყინული კონფლიქტები მივიღეთ“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბელორუსიის დედაქალაქში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 16 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიღწეული შეთახმების თანახმად, უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა შეწყდეს, 19 დღის განმავლობაში ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს, 2015 წლის ბოლომდე კი უკრაინელმა მესაზღვრეებმა საზღვრებზე კონტროლი უნდა აღადგინონ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებაში არანაირ ავტონომიასა და ფედერალიზაციაზე საუბარი არ არის.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს
შემდეგი სტატიანატოს პროექტი “საქართველო IV” დაიწყო