შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონეუნარშეზღუდულმა ბავშვებმა სტიგმა დაამსხვირეს
1 ივნისს მსოფლიომ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა…
1 ივნისს, საქართველოში ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა…
1 ივნისს, საქართველოში, ყველა სატელევიზიო არხმა და ბეჭდურმა მედიამ ფართოდ გააშუქა ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – პრემიერმა ბავშვებს მიულოცა… განათლების მინისტრი ბავშვებთან ერთად… პრეზიდენტი „მზიურს“ ესტუმრა… ვიცე-სპიკერი და ბავშვები… პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის მინისტრი, ამის მინისტრი, იმის მინისტრი, მოკლედ, ყველა მინისტრი და ბავშვები…
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „მზის შვილები“ და კავშირმა – „ჩვენი ბავშვები“ ბავშვთა უფლებების დაცვა თავად ბავშვებს მივანდეთ. პროექტმა, რომელიც სიმბოლურად 1 ივნისს დაიწყო, 3 დღეს გასტანა. პირველ შეხვედრაზე ბავშვებს, მათთვის ადვილად გასაგები ფორმით, ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ვესაუბრეთ, წავუკითხეთ ნაწყვეტები პოლონელი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იანუშ კირჩაკის ნაწარმოებიდან – „მეფე მათეუშ პირველი“. მერე ყველა ერთად ვიჯექით და წაკითხულს ვაანალიზებდით. ღონისძიებაზე სტუმრად არც პრეზიდენტი გვყოლია, არც – პრემიერი, არც – სხვა მინისტრები, ვიყავით მხოლოდ ჩვენ – დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, მათი და-ძმები და მშობლები.
მიუხედავად იმისა, რომ პრესრელიზები თითქმის ყველა ტელევიზიას გავუგზავნეთ, ღონისძიების გასაშუქებლად არავინ მოსულა.
მეორედ, 3 ივნისს შევიკრიბეთ და ჩვენთან ერთად იყო ყველასათვის საყვარელი ბაბილინა (უღრმესი მადლობა!). ბავშვებმა, წინა შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამოუკიდებლად, ყოველგვარი მითითებისა და კარნახის გარეშე დაამზადეს ტრანსფარანტები და პლაკატები. ნებისმიერი ეს ტრანსფარანტი და პლაკატი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, რაც კი ოდესმე მინახავს!
„ყველა ბავშვს აქვს სწავლის უფლება!“; „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!“; „ჩვენ გვაქვს უფლებები ხატვის, სწავლის, სიყვარულის, მზრუნველობის!“; „გაუფრთხილდით ბავშვებს!“; „მინდა, რომ უფროსებს უყვარდეთ ბავშვები, სახელმწიფო ზრუნავდეს ყველა მათგანზე ყოველ დღე!“; „მინდა, სკვერი სახლთან ახლოს!“; „ყველა ბავშვს აქვს დასვენების, გართობის უფლება!“; „ბავშვის დამცირება არ შეიძლება, არ შეიძლება მასზე ძალადობა!“ „მინდა, სახელმწიფო იმ ბავშვებს დაეხმაროს, ვინც ბავშვთა სახლშია!“ „მინდა, ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი!!“ „მსურს ჩემი აზრის გამოთქმა!“ „კარგად უნდა მოექცეთ ბავშვებს!! – ეს იმის მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ბავშვებმა დაწერეს იმ დღეს.
3 მაისის შეხვედრის შესახებ პრესრელიზები ისევ ყველა ტელევიზიას გადაეგზავნა და, ალბათ, ბაბილინას დამსახურებაა, რომ მოვიდა …სამწუხაროდ, მხოლოდ „რუსთავი 2“.
3 მაისს, ექვსაათიან „კურიერში“ 1-წუთიანი სიუჟეტი გავიდა – ახალი სტანდარტების მიხედვით, ბავშვების გადადღაბნილი სახეებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
7 ივნისს მესამე და ბოლო შეხვედრა შედგა. ილიაუნიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ჟივილ-ხივილით ჩაიარეს „უფლებებით“ ფრთაშესხმულმა ბავშვებმა. ძნელია, სიტყვებით იმ სითბოსი და სიყვარულის გადმოცემა, რომელსაც მაღაზიების კართან მდგარი, შემხვედრი, ქუჩაში მიმავალი მანქანებიდან თუ მსვლელობას შემოერთებული ადამიანების მზერაში ვხედავდი. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი საკმარისი არ აღმოჩნდა და მსვლელობის რამდენიმე მონაწილე ყოველგვარი, ანაზღაურების გარეშე, გულწრფელად მოღიმარი სახით, ვარაზისხევში გაჩერებულმა უცნობმა (ტაქსი) აიყვანა ლისი ტბაზე (უღრმესი მადლობა). ბავშვების, რომლებიც თავიანთ უფლებებს იცავდნენ, მსვლელობამ ჭავჭავაძის გამზირზე და ულამაზესმა კონცერტმა ლისის ტბაზე, ისევ კამერებისა და ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ღონისძიება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ტელევიზიებისა და პრესისთვის თავის მოსაწონებლად გაკეთდა. არა! ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ამ ღონისძიების ფართოდ გაშუქება მინდოდა (დარწმუნებული ვარ, იგივეს ფიქრობენ ღონისძიების სხვა ორგანიზატორებიც), მხოლოდ ის იყო, რომ გვინდოდა, ბევრ, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს ენახა, რომ მათი თანატოლები, ბავშვები, რომლებიც ხშირად მხოლოდ სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევენ საზოგადოების გარკვეულ ფენებში, ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით, ფიქრობენ და ამ ნაფიქრალის გადმოცემის შეუდარებელი, შესაშური ნიჭი აქვთ. შეუძლიათ, თავად დაამსხვრიონ სტიგმა, რომელსაც ჩვენ, მათი მშობლები რამდენიმე წალია, ვებრძვით და რაც მთავარია, მათ აქვთ ძალა, თავად დაიცვან საკუთარი უფლებები.
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე იყო და ბავშვებმა, რომლებმაც მედიის კეთილგანწყობა ვერ თუ არ დაიმსახურეს, შთაბეჭდილებებით სავსე სამი ულამაზესი დღე აჩუქეს საკუთარ თავს.
ვერავისთან გადაღებული სურათი, ვერანაირი საჩუქარი, ვერანაირი გასართობი ცენტრი ვერ გაუწევს კონკურენციას ამ სამ დღეს. ახლა ვზივარ და ფოტოებს ვათვალიერებ. ყველა მათგანიდან საოცარი ძალა და ენერგია მოდის, ყველა ფოტო სიყვარულით, სიხარულით, უკეთესი მომავლის რწმენითაა სავსე. ვათვალიერებ ფოტოებს და მტკივა…
მხოლოდ სოციალურ ქსელში რატომ ვრცელდება საკუთარი უფლებების დამცველი ბავშვების ფოტოები (ღონისძიების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ გადაღებული)?
ნუთუ, დღეს ყველა ტელევიზიის კამერა ამ ბავშვებისკენ არ უნდა ყოფილიყო მომართული?
ხუმრობა საქმეა? – „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“!
ინგა ლოლაძე

banner
წინა სტატიაში“გაუგებარია ამ რეფორმის გადავადება,” – კახა კოჟორიძე საარჩევნო სისტემაზე
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: 530 ათას ოჯახს გაუძვირდა ბანკის სესხი