შალვა შავგულიძე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ძალებს პროკურატურის რეფორმის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის მზადყოფნის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც დეპუტატმა შალვა შავგულიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში 2012 წელს და სამთავრობო პროგრამაში მოგვიანებით აღნიშნული იყო, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოხდებოდა პროკურატურის სრული დეპოლიტიზება – კერძოდ, მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხში აღმასრულებელი ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებდა და კანდიდატურის ნომინირებას პრეზიდენტი მოახდენდა, პარლამენტის თანხმობით; ასევე მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული იქნებოდა პარლამენტის წინაშე.
“მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში ყოფნის 2,5 წლის თავზე “ქართულმა ოცნებამ” შემოგვთავაზა აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ისევე ტოვებს პროკურატურას აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ, როგორც არსებული მოდელი, მაგრამ უფრო სახიფათოა, ვინაიდან ცდილობს, დაფაროს და შენიღბოს ეს პოლიტიზირება. კერძოდ, თუ დღეს მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერი ნიშნავს თანამდებობაზე და თავადვე ათავისუფლებს, ახალი პროექტით, შემოთავაზებულია თვითმმართველობის კოლეგიური ორგანოები პროკურორთა კონფერენციის და საპროკურორო საბჭოს სახით. საკითხს არა პრემიერი ერთპიროვნულად, არამედ მთავრობა განიხილავს, საკითხის გადაწყვეტაში პარლამენტი ერთვება. ეს შეიძლება კარგი ყოფილიყო, თუ სწორი შინაარსი იქნებოდა ჩადებული, სამწუხაროდ, შემოთავაზებულია ისეთი მოდელი, რომ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტება ისე ხდება, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ხელთ არის. ნომინირებას ისევ იუსტიციის მინისტრი მოახდენს. მის მიერ დასახელებულ პროკურორს ხელმოკიდებულ პროკურორს მიიყვანს საპროკურორო საბჭოში, შემდეგ მთავრობაში და პარლამენტში”, – განაცხადა შავგულიძემ და დასძინა, რომ თითქოს ბარიერებგამოვლილი იქნება პროკურორი, მაგრამ ყველა გასაღები კვლავ იუსტიციის მინისტრის ხელში იქნება, რაც არც დანაპირებს შეესაბამება და არც დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის მშენებლობის მიზეზს.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა როგორც პრეზენტაციაზე, ისე სამუშაო ჯგუფში და კარგია, რომ იგი განსახილველად ვენეციის კომისიას გაეგზავნა. შავგულიძის თქმით, ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპულ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი წინასწარ დასკვნით ცალსახად უარყოფითად არის შეფასებული კანონპროექტი და მითითებულია, რომ იგი არ პასუხობს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციის მიზანს.
შავგულიძე ასევე კოსმეტიკურს უწოდებს იმ ცვლილებებს, რომელიც წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტის ბოლო ვერსიაში, რომელშიც უწყების მტკიცებით, უკვე გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და აცხადებს, რომ ეს არსს ვერ ცვლის.
შალვა შავგულიძის თქმით, ის მოდელი, რომელიც შეთავაზებული იყო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში, მართალია, საჭიროებს კონსტიტუციურ ცვლილებებს, მაგრამ ამის განხორციელების მცდელობა არც ყოფილა. “თავისუფალი დემოკრატები” პოლიტიკურ ძალებს სთავაზობენ, საკონონსტიტუციო ცვლილებების გზით წავიდნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეძლონ, დეპოლიტიზირებული პროკურატურა მიიღონ. საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს “თავისუფალი დემოკრატების” წინადადებასთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ. იგი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები თავიანთ პოზიციას ოთხშაბათის პლენარულ სესიამდე დააფიქსირებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ერთი ნაწილი დევნილებს გადაეცემა
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ამ საპასუხისმგებლო საქმეს თავს ღირსეულად გაართმევს”