შალვა შავგულიძე – მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა

მთავარი პროკურორის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნა არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემოთავაზება, არამედ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა , – ამის შესახებ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნის წესზე მოქმედი მთავრობის იმ სამოქმედო გეგმაშია საუბარი, რომელსაც 2012 წლის ოქტომბერში, ახლად არჩეულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
“პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ პასუხობს მთავარს – ამ ინსტიტუტის პოლიტიზაციის ამოცანას, რადგან მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხში ძალიან დიდია აღმასრულებელი ხელისუფლების და უმრავლესობის გავლენა. რაც შეეხება ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას, ეს, რეალურად, არის არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემოთავაზება, არამედ ასეთი იყო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დანაპირები და იმ სამთავრობო პროგრამითაც, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, საზოგადოებისთვის სწორედ ეს მოდელი იქნა შეთავაზებული – საუბარია პროკურატურის დეპოლიტიზების მიზნით მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნაზე პარლამენტის თანხმობით”, – განაცხადა შავგულიძემ.
რაც შეეხება მთავრობის არგუმენტაციას, რომ აღნიშნული წესის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის აზრით, საპარლამენტო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს ამ სიახლისთვის მზადყოფნა აქვთ.
“აღნიშნული მოდელის საწინააღმდეგო არგუმენტად ვისმენთ მთავრობის მხრიდან იმას, რომ მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნა საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. კი ბატონო, საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ რატომ არ მოსინჯა მთავრობამ, იქნებ მზად არის პოლიტიკური ძალები ამ სიახლისთვის? მაგალითად, ჩვენ, ფრაქცია “თავისუფალმა დემოკრატებმა” გასულ კვირას მოვუწოდეთ მთავრობას, გაითხოვოს კანონპროექტი, რომლის ყველა არსებითი დებულება როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა მხრიდან უარყოფითადაა შეფასებული და მოვუწოდეთ პარლამენტში თავმოყრილ პოლიტიკურ ძალებს, გამოხატონ პოლიტიკური ნება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ანუ პროკურატურის რეფორმა განხორციელდეს სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, რაც გულისხმობს იმ მოდელს, რომელიც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებას ასახავს”, – აღნიშნა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშივარუფაკისი: საბერძნეთის რეფორმები “განწირულია ჩასავარდნად”
შემდეგი სტატიამთავრობის კანცელარიასთან ტაბულას პროდიუსერი დააკავეს