შალვა აბულაძე: “მთელი ზაფხული “პროსტინით” გავატარე, ამიტომ ვერ მოვდიოდი პროცესებზე

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული, თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს და გარდაცვლილის ოჯახებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, რადგან მისი თქმით, ისინი მას მკვლელს უწოდებენ.

ეს განცხადება შალვა აბულაძემ დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს გააკეთა.

აბულაძემ ციხეში არსებულ პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საპატიმროში არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. მისივე თქმით, ტანსაცმელი არ ჰქონდა, რის გამოც საკუთარ პროცესებს ვერ ესწრებოდა. შალვა აბულაძე პროცესზე გრძელი ფრჩხილებითა და წვერით გამოცხადდა. იგი ირწმუნება, რომ თავის მოვლის პირობები არ აქვს.

“მთელი ზაფხული “პროსტინით” გავატარე, ამიტომ ვერ მოვდიოდი პროცესებზე. ტანსაცმელი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ჩამაცვეს” – აცხადებს შალვა აბულაძე, რომელიც ახალციხის სასამართლოში პროცესს პირველად ესწრება.

ბრალდებული მედიასაშუალებებს სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იგი ყოველთვის საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა და ამას მომავალშიც გააგრძელებს.

გარდა ამისა, აბულაძე, საკუთარ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების ჩატარების უფლებას ითხოვს.

“იმ შემთხვევაში თუ მომცემთ იმის საშუალებას, რომ ჩემს ყველა საქმეზე გამოძიება თავად ჩავატარო და მექნება პროკურორის თანაბარი უფლება, პირობას გაძლევთ, რომ სასამართლო სხდომები ისტორიული მოვლენა იქნება” – აცხადებს ბრალდებული.

შეგახსენებთ, შალვა აბულაძეს ბრალი ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,უნდა გადაიდოს კანონპროექტის მიღება გარკვეული ვადით”
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ითხოვს