,,ყველა სფეროში გვაქვს არნახული პროგრესი”

დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართული საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მონაწილეები საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, მათ საქართველოში უმასპინძლოს.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენთან შეხვედრა ნიუ-იორკში. მადლობელი ვარ, რომ, მიუხედავად თქვენი გადატვირთული გრაფიკისა, შემოგვიერთდით ამ ღონისძიებაზე, რათა გაეცნოთ ინფორმაციას საქართველოში ინვესტირების უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ. ერთადერთი, რასაც ვინატრებდი დღეს, არის თქვენი მასპინძლობა ჩემს უმშვენიერეს ქვეყანაში, საქართველოში. თუკი თქვენ ოდესმე ყოფილხართ საქართველოში, გეცოდინებათ, თუ რა საგანძურია ის“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოში სტუმრობა, ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.

„დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ. ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით, პოლიტიკური სტაბილურობითა და ეროვნული უშიშროებით და დამთავრებული ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემით, ანუ ეკონომიკური განვითარებით – ყველა სფეროში გვაქვს არნახული პროგრესი. ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ განუხრელად მივყვებით დასავლური ინტეგრაციის გზას, ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან, ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს წინსვლა მნიშვნელოვნად არის განპირობებული ამერიკელი ხალხის, აშშ-ის ხელმძღვანელობისა და ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერით. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ აშშ-ს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ დეინა ჰაიდს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

„სულ ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველი სტუდენტები, სამშობლოდან გაუსვლელად, მიიღებენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკულ სამეცნიერო ხარისხს ინჟინერიაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებას განათლებული კადრების მომზადებასთან დაკავშირებით, რომელთა დახმარებითაც საქართველო იქცევა თანამედროვე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა თუ, რას სთავაზობს საქართველო ინვესტორებს შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკური გუნდის წევრებთან პირისპირ სასაუბროდ მიიწვია. პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის წევრებიც წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში„არაფრის დიდებით არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში“
შემდეგი სტატია,,ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები, უმუშევრობის დონე დაეცა”