“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესებს განმარტავს

მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესებს კიდევ ერთხელ განმარტავს.
როგორც “თაიმერს” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მომწამლავი გაზის, CO-ს გამოყოფა. იგი უფერო, უსუნო, უგემო, ძლიერ მომწამლავია. გარემოში CO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. ხოლო სათავსში გაზის 5-15% დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში ნარევი.
მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების პირობების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ამასთან დაკავშირებით კომპანია აბონენტებს აცნობებს:
• ნუ მიანდობთ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია;
• სათავსი, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ვენტილაციით;
• საყოფაცხოვრებო გაზის ხელსაწყოებისათვის განკუთვნილი რეზინის ქსოვილიანი სახელოები უნდა იყოს მთლიანი, გადაბმის გარეშე, (შეზღუდული ზომის, მოქმედი უსაფრთხოების წესების შესაბამისად);
• წყალგამაცხელებლის დადგმა დასაშვებია, როგორც წესი, არა უმეტეს 5 სართულიან სახლებში, ხოლო დახურულ კამერიანი გამათბობელი ხელსაწყოების დადგმისათვის სართულიანობა არ იზღუდება;
• გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, რაზედაც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი;
• დროულად წარუდგინეთ გაზის მეურნეობის ცენტრებს საკვამლე-სავენტილაციო არხების ვარგისიანობის აქტები (აგურის არხების შემთხვევაში – კვარტალში ერთხელ, აზბოცემენტის არხების შემთხვევაში – წელიწადში ერთხელ);
• გამათბობლის ან წყალგამაცხელებლის ჩართვამდე შეამოწმეთ კვამლსადენში წნევა;
• შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარეკეთ შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისის~ საავარიო სამსახურში – ტელ. 114;
• გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია შეამოწმოს გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;
• გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ხშირად გაანიავეთ სათავსი;
• ნება მიეცით გაზის მეურნეობის მუშაკს, შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემდეგ, შემოვიდეს თქვენს ბინაში მრიცხველიდან ანათვლების აღების, გაზგაყვანილობების, გაზის ხელსაწყოების დათვალიერებისა და ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად.
კომპანიის ინფორმაციით, კატეგორიულად აკრძალულია:
• გაზზე მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი მოწყობილობათა მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსიდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსშივე რჩება), აგრეთვე რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლე-სავენტილაციო არხები;
• სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;
• არასტანდარტული და თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;
• გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დაგმანვა).
კომპანია აბონენტებს შეახსენებს, რომ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” მოქმედებს ცხელი ხაზი, აბონენტებს შეუძლიათ მიმართოთ გაზიფიკაციის საკითხებზე ტელეფონის ნომერზე 240-40-04 და მიიღონ ამომწურავი პასუხები;
• დასასვენებლად და დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული გამათბობელი ღუმელი;
• გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
• ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;
• გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოებიდან გაზის გაჟონვის დადგენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება.
• წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.
გახსოვდეთ, რომ:
• პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს.
მოქალქეების მიერ წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
“პატივცემულო მომხმარებლებო, გთხოვთ, დაიცვათ გაზის უსაფრთხოდ სარგებლობის წესების მოთხოვნები!”, – აცხადებენ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში”.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: უმაქნისი მთავრობა ხართ
შემდეგი სტატიაცინცაძის ქუჩაზე კედლის ნაწილი ჩამოინგრა