„ღარიბაშვილს ფაქტობრივად გარემოცვა გაუნადგურეს“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი მინისტრის დანიშვნა, იმას ემსახურება, რომ პარტიას კოალიცია არ დაეტოვებინა.

„მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია დატოვეს, ფაქტობრივად ხონჩაზე მიართვეს “რესპუბლიკელებს” სერიოზული ბერკეტები, რასაც გამოცდილი “რესპუბლიკელები” თავისთვის წარმატებულად გამოიყენებენ. პრაქტიკულად ისინი იმ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რომ მათი წამოსვლის შემთხვევაში კოალიცია დაინგრევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია პარლამენტშივე შეიქმნას კოალიცია, რომლის ძირითადი ბირთვი „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება გახდეს. საპარლამენტო გადატრიალება, რომელზეც კიევში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ოცნებობს, სწორედ ამას გულისხმობს. რა რეალობა დგება აქედან გამომდინარე, ეს მეორე თემაა. პოლიტიკური პარტია, რომელმაც თავისი რეიტინგით ვერასდროს მოახერხა შესულიყო პარლამენტში, დღეს აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას მართავს პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტების თავმჯდომარეების ფორმატში და უკვე წარმოჩინდა როგორც პრაქტიკულად მმართველი ძალა აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ახვლედიანმა „პირველ პრესკლუბში“.

მისი თქმით, მეორე სერიოზული პრობლემა მაშინ გამოვლინდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ხელისუფლების დანიშვნის პროცესში ჩვენი ქვეყანა ნაკლებად იღებს მონაწილეობას.

„მესამე სერიოზული პრობლემა, რომელიც წარმოჩნდა არის ის, რომ ძალიან სერიოზული თავსატეხის წინაშე დადგა ჩვენი იურიდიულად ნომერ პირველი მმრთველი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას ფაქტობრივად გაუნადგურეს გარემოცვა – ჯერ მეორე ეშელონი, დღეს პირველი ეშელონი – მინისტრების თანამდებობებზე მყოფი ადამიანები (გაუნადგურეში ვგულისხმობ იმას, რომ თანამდებობიდან გაუშვეს). მათ ადგილას კი დაინიშნენ ღარიბაშვილისადმი აბსოლუტურად მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები. ეს ნიშნავს, რომ ყულფი ფაქტობრივად მაქისმალურადაა შევიწროებული ღარიბაშვილის თავზე და მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია ეს ადმაიანი როდის დატოვებს პოსტს. ალბათ დატოვებს იმ მომენტში, როდესაც ბატონი ივანიშვილი და „რესპუბლიკელები“ გადაწყვეტენ, რომ უკვე დროა ახალი პრემიერ-მინისტრი მოიყვანონ და საპარლამენტო არჩევნები ჩაატარებინონ. საპარლამენტო არჩევნებამდე ახალმა პრემიერმა გაცვეთა და ბევრი ნეგატივის აკრეფვა ვერ უნდა მოასწროს. ეს ალბათ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაში„მერიის შიგნით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია“
შემდეგი სტატია9 მაისს მოსკოვში უზბეკეთის პრეზიდენტიც არ ჩავა