ქრთამის აღების ფაქტზე სკოლის დირექტორი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაქირ მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზაქირ მ. მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ხუთი კლასის განათლება, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი და წინასწარ 250 აშშ დოლარი აიღო.

2015 წლის 22 სექტემბერს ზაქირ მ-მ მოქალაქეს დაუმზადა ატესტატი და გამოართვა დარჩენილი 250 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 147 აბი ამოიღო
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს