„ქიბარ ხალვაში ამ ხელისუფლების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ითხოვდა რუსთავი 2-ის წილების დაბრუნებას“

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებასა და ქიბარ ხალვაშს შორის რაიმე შეთანხმებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

როგორც სალია აცხადებს, „რუსთავი 2“ -ის წილების დაბრუნების შემთხვევაში, ტელეკომპანია გახდება სრულიად დამოუკიდებელი და არ იქცევა პოლიტიკურ იარაღად.

„ქიბარ ხალვაში 2008 წლიდან ითხოვს წილების დაბრუნებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ამაზე მუდმივად იყო საუბარი. ჩვენ გარკვეული მოლოდინი გვქონდა, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი არ არის, არანაირი მოქმედება არ ხორციელდება. ხელისუფლებას „რუსთავი 2“ შეიძლება მოსწონდეს ან არა. ამ ხელისუფლების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ითხოვდა „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას ქიბარ ხალვაში და ამდენად აქ რაღაც უნისონზე საუბარი ზედმეტია. ჩვენი ცალსახა მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა. იმ შემთხვევაში თუ „რუსთავი 2“ გახდება მისი საკუთრება, მისი წილები არ იქნება იარაღი არავის ხელში. ის იქნება სრულიად დამოუკიდებელი ტელევიზია“, – განაცხადა სალიამ.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ადამიანები, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები, რომლებსაც ასევე სასამართლოში შეტანილი აქვთ სარჩელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. მისი თქმით, ქიბარ ხალვაში მზად არის ყველა პირთან სასაუბროდ.

„ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ სხვებიც თვლიან, რომ მათ თავის დროზე უკანონოდ ჩამოერთვათ ქონება. ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ჩვენს შესახებ და ვთვლით, რომ ეს ქონება უკანონოდ ჩამოგვერთვა. მზად ვართ საუბრისთვის, მოლაპარაკებისთვის ნებისმიერ პირთან ცივილურ ფარგლებში რა თქმა უნდა. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ ნებისმიერ პირთან“, – განაცხადა სალიამ.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეგიონებში გადადუღებული წყლის მიღებას ურჩევს
შემდეგი სტატიახარშილაძე და ძაძამია ჩვენი ოჯახებისთვის თავზე ლაფის დასხმით ცდილობენ დანაშაულის დაფარვას