ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რუსთავი 2-ის მფლობელი კომპანიის წილებიც დააყადაღა

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა. შპს ტელეკომპანია საქართველო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51 პროცენტიანი წილის მფლობელია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, იგეგმებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია “საქართველოს” წილების გასხვისება. კერძოდ, ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია “საქართველოში” მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ადასტურებს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.

“მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი ეს იყო ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა, ხოლო მეორე და უმთავრესი მიზანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა იყო. სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა “რუსთავი 2”-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ იქნა ტელეკომპანია “საქართველოს” წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებული იქნა “რუსთავი 2″-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე”, – განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 51 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველო 29 სექტემბერს გაიყიდა. ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100 პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს.

ჩიქოვანმა თავის მხრივ აიღო ვალდებულება ტელეკომპანა საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განახორციელოს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ, მაგრამ ძალიან შორს ვართ საჭიროებებიდან
შემდეგი სტატია“თაიმერის” გენერალური დირექტორი კვლავ პროკურატურაშია დაბარებული