ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიული პროგრამების პრეტესტს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირთა პრეტესტს დაესწრო, სადაც აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცათ წინაწარ გაევლოთ საცდელი ტესტირება და რეალურ გარემოში მოესინჯათ საკუთარი ძალები.
პრეტესტი რეგისტრაციის შემდგომი ეტაპია, ხოლო, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა ტესტირება 11 ოქტომბერს, 09:00 საათიდან დაიწყება.
როგორც ტესტირების, ასევე პრეტესტის ჩატარების დრო და ადგილი მითითებულია საგამოცდო ბარათებში, რომელთა გაცემა 6 ოქტომბრიდან დაიწყო საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, საინფორმაციო ცენტრებში, კოლეჯებსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში – მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა – 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დარეგისტრირებულია 12 ათასამდე პირი.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმატებას უსურვებს აპლიკანტებს და იმედოვნებს, რომ ყველა მათგანი შეძლებს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას”, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
შემდეგი სტატიაყვითელი მიკროავტობუსისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა