“ქართული ოცნება” ევროპის სახალხო პარტიას თავშეკავებისკენ მოუწოდებს- საგანგებო მიმართვა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

“კოალიცია ქართული ოცნების” პარლამენტის წევრებმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) განცხადებით მიმართეს. განცხადების ავტორები, გიორგი ვოლსკი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და თედო ჯაფარიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის სახალხო პარტიისგან ითხოვენ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ თავი შეიკავოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევისაგან.

“ჩვენ ვართ შოკირებულები და დამწუხრებულები ევროპის სახალხო პარტიის აღნიშნული ანგარიშით და რეზოლუციით, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დეზინფორმაცია, უსამართლო და ორივე მხარისთვის, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის ინტერესების დამაზიანებელი.

ვითვალისწინებთ რა ევროპის სახალხო პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ნათესაობას, კოალიცია ქართული ოცნება კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ანგარიშს და მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიას ყურადღება გაამახვილოს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც არსებობს ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პოლიტიზირებული, ან როგორც ჩარევა დამოუკიდებელი სასამართლობის საქმეებში, მათ შორის რუსთავი ორის საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმეში.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის პირად მოსაზრებას, რუსთავი ორთან და საბჭოთა დიქტატორ სტალინთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური კოალიცია არის პროდასავლური ღირებულებების ერთგული, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი მომავალი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და ვიცავთ, ეს არის სრულიად საპირისპირო იოსებ სტალინის რეჟიმის ღირებულებებისგან. ჩვენ როგორც ერთა ევროპული ოჯახის წევრები მივისწრფით დემოკრატიული განვითარებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “ქართული ოცნების”დეპუტატებმა სახალხო პარტიას გაუგზავნეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ამ კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ ეს კარგია
შემდეგი სტატია“ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი”- პრემიერის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა იმართება