„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან.

დელეგაცია პარტიის გენერალური მდივნის, ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ლი იუანჩაოს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარემ შეხვედრა პირველად გამართა ჩინეთის მმართველი პარტიის ასეთი მაღალი დონის თანამდებობის პირთან.

შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დადებითად შეაფასა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მიღწეული დინამიკა, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის გათვალისწინებით. ამასთან, ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარესთან ყოველმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

კახა კალაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მზად არის, ხელი შეუწყოს „აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის“ („ერთიანი გზა-ერთიანი სარტყელი“) პროექტის წარმატებულ განხორციელებას. მანვე დადებითად შეაფასა აზიის ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო ბანკში დამფუძნებელი წევრის სტატუსით საქართველოს გაწევრიანება.

თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ლი იუანჩაომ საქართველოს აზიის ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო ბანკში გაწევრიანება მიულოცა. მან მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს მონაწილეობას ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთიანი გზა-ერთიანი სარტყელის“ პროექტში, კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს ხელმძღვანელობის აქტიური მონაწილეობა ზემოხსენებულ პროექტში და მიესალმა მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას. ლი იუანჩაომ იმედი გამოთქვა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, ახალი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საქმეში, რადგან ამ თვალსაზრისით ჩინურ კომპანიებს მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ვიზიტს ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დალიანის რეგიონის და ქალაქ თიანძინის მთავრობებთან, ჩინეთის ენერგეტიკული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია, ასევე, შეხვედრებს გამართავს რამდენიმე ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობასთან. იგეგმება დალიანის უცხო ენათა უნივერსიტეტში და თიანძინის უნივერსიტეტში დელეგაციის წევრების საჯარო გამოსვლები.

banner
წინა სტატიაშიერევანში აქცია შეიძლება დღეს დასრულდეს
შემდეგი სტატიაფიფა ახალ პრეზიდენტს 2016 წელს აირჩევს