ქართული ასეული “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფი მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას უკვე სრული მასშტაბით დაიწყებს.
“ასეულის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია დედაქალაქ ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სარდლობის შტაბში გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და RS-ის შტაბბინის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შესრულდა საქართველოს, აშშ-სა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჰიმნები.
გაძლიერებული ასეულის მეთაურმა კაპიტანმა გიორგი ჯალაღონიამ მისია ოფიციალურად ორეგონის შტატის ეროვნული გვარდიის 1/82 კავალერიული პოლკის პირველი ესკადრონის მეთაურისგან გადაიბარა”, – აცხადებენ უწყებაში.
ქართველი სამხედროები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე “მტკიცე მხარდაჭერის” (RS-HQ) მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

banner
წინა სტატიაშიგაძვირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულება?
შემდეგი სტატიადავით კერესელიძე: გვინდა, რომ პრემიერის უკრაინაში ვიზიტს, კარგი და დადებითი შედეგი ჰქონდეს