“ქალები დაბლა ეყარნენ და ისე გამოჰყავდათ” – ინციდენტი პაატა ბურჭულაძის საღამოზე

მცირე ინციდენტებით დაიწყო სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. სპორტის სასახლეში მისული მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. სასახლის შესასვლელში ჭყლეტვის გამო, საღამო 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

„ნასიამოვნები ვართ, მაგრამ ორგანიზაცია კონცერტის იყო ძალიან დაბალ დონეზე. სამარცხვინო, ისეთი ჭყლეტვა იყო, ერთი კარი გაღებული, ქალები დაბლა ეყარნენ და ძლივს გამოყავდათ ისინი. აღშფოთებულია ყველა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ინციდენტის მომსწრე გახდა.

დარბაზიდან გამოსული მაყურებლები იმასაც ამბობდნენ, რომ მათი ბილეთები ორჯერ იყო გაყიდული და დარბაზში დაჯდომა ვერ მოახერხეს.

„ორგანიზება ამ კონცერტის იყო სასწაულად უვარგისი. 120 ლარი მივეცი ორ ბილეთში ერთი და იმავე ადგილებზე ბილეთი ორჯერ იყო გაყიდულო. მთელი კონცერტი ფეხზე ვიდექი. სულიერადაც დავიტანჯე და ფიზიკურადაც განადგურებული გამოვედი,“ – განაცხადა ერთ-ერთმა უკმაყოფილო მაყურებელმა.

მომხდარი ინციდენტის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა “არტ პალასის” პრეზიდენტმა, გია ანდღულაძემ. მისი თქმით, კონცერტის ორგანიზებაში პრობლემა არ ყოფილა.

“უკმაყოფილო მსმენელს, როგორც დარბაზიდან ათგზის კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ არაორგანიზებულობა ნამდვილად არ იყო, არ იყო ჩვენგან გამომდინარე მიზეზები. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ შეგნებული საზოგადოებაა და ანალიზს გააკეთებს, რის გამო მოხდა შეფერხება დარბაზში შესვლისას,” – განაცხადა ანდღულაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დამატებითი სანქციები დააწესოს