ქადაგიძე: არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

giorgi qadagadzeეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ დღეს განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

“თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გამყარების მიმართულება. თუ გვაქვს ნაკლები სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტება. წინასწარი მაჩვენებლებით იმპორტი არის მნიშვნელოვნად შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტის შემცირებაზე. შესაბამისად, დაწყებულია საგადამხდელო ბალანსის კორექტირება, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, კურსზე გაუფასურების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება ორივე მიმართულებით”,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ყველასთვის ცხადია, რომ კომისიის შექმნა არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რათა ჩვენ დავხარჯოთ სავალუტო რეზერვები. მე გავუმარტივებ ამოცანას ამ იდეის ავტორებს და ვიტყვი, რომ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და დამღუპველიც, რაც მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და შვილების მატერიალური დოვლათი. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის გარანტი იმისა, რომ 90-იანი წლები აღარ განმეორდება არასოდეს. ამიტომ ვერანაირი საგამოძიებო კომისია და ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ მთავრობასა და ეროვნული ბანკის კოორდინაციის თემაზეც გააკეთა განმარტება: “არანაირი პრობლემა კოორდინაციაასა და ინფორმაციის გაცვლაში არ არსებობს. ჩვენ ჩვენს ფუნქციას ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. გარდა ჩვენი უშუალო ფუნქციებისა, ჩვენ მუდმივად ვაცნობთ ჩვენს პოზიციებსა და რჩევებს მთავრობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რომ კოორდინაცია არ არის და ამიტომ ლარის კურსი უფასურდება, რა თქმა უნდა, სასაცილოა”.

banner
წინა სტატიაშისოფელ კარალეთის სკოლაში მოწამლული ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
შემდეგი სტატიარეზო ამაშუკელი საზოგადოებრივ აქტივობას წყვეტს