“ფსიქოლოგები არა მხოლოდ სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან, მათ მშობლებთანაც მუშაობენ”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ.

მინისტრის თქმით, ფსიქოლოგები არა მხოლოდ ბავშვებთან, მათ მშობლებთანაც მუშაობენ.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩავთვალეთ, რომ გადაუდებლად საჭირო იყო. ეს პროცესები უკვე დაიგეგმა. ფსიქოლოგიური ცენტრები მუშაობენ როგორც თავიანთ სამოქმედო ადგილებზე, ასევე, ლოკაციებზე გადიან, სადაც ამის საჭიროებაა. ფსიქოლოგიური დახმარება არა მხოლოდ თბილისში, ბავშვებს რეგიონებშიც უტარდებათ. თქვენ იცით, რომ 15 სკოლაში განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გვქონდა. ეს ბავშვები დღეს დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ჩვენ გვექნება მათთვის შეთავაზება, სხვადასხვა ბანაკში განვათავსოთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება. მაქისმალურად გვინდა, რომ მათი ჩართულობა უზრუნველვყოთ. არა მხოლოდ ბავშებთან, ჩვენი ფსიქილოგები მათ მშობლებთანაც მუშაობენ, რადგან ასეთი ექსტრემალური სიტუაცია იყო. რაოდენობას ჯერ ვერ გეტყვით, არ არის დაზუსტებული”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სამინისტროში კრიზისულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა და განახლდა თუ არა ის 2009 წლის შემდეგ, სანიკიძე აცხადებს, რომ სამინისტრო განახლებული დოკუმენტით ხელმძღვანელობდა.

“რა თქმა უნდა, გვაქვს განახლებული დოკუმენტიც, სტრუქტურა და პროგრამაც, რომელიც არა მხოლოდ განათლების სამინისტროს მუშაობის გეგმას, _ სხვადასხვა უწყების ჩართულობასაც მოიცავს. ეს პროგრამა ნამდვილად არსებობს ჩვენთან, ამ მიმართულებით ნაბიჯები ბოლო პერიოდშიც გადაიდგა. თუმცა, კრიზისების მართვის ერთიანი სამოქმედო გეგმა, ჩვენი უწყებისთვის დამახასიათებელი არ არის. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობდეს ის, რაც საბედნიეროდ, მუშაობს”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს იწყებს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2489 ლარი გახდა