ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა , ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება და საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე არ არის დაფუძნებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული, მერია თავს იკავებს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისაგან.
სასამართლომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, 2015 წლის 13 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სასამართლომ ირაკლი კაკულიას შეუფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
“ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ კანონით დადგენილ ვადაში სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგების თაობაზე. შესაბამისად, 2015 წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
“საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
რეკომენდაციების, წინადადებების განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცის მიუწოდებლობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად იყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიმართავს სასამართლოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტების დადგენის და სამართალდამრღვევების წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს