ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა და არ იყო ცხელ გულზე გაკეთებული

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება არ იყო ცხელ გულზე გაკეთებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში ქვეყნის პირველი პირის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.
ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გიორგი მარგველაშვილის მესიჯები სწორ კონტექსტში დაინახა.

“პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება, თუმცა გუშინ დილით მოსმენილმა კომენტარებმა მეტწილად დააჩქარა ამ განცხადების გაკეთება. ყველა ვხედავთ, რომ საკმაოდ აწეული ტემპერატურა, ცოტა უფრო დაწეულ რეგისტრშია დღეს და ვფიქრობ, ეს “დაწეული რეგისტრი” ბევრად უფრო დიდ სივრცეს ტოვებს დიალოგისთვის, დიალოგი კი არის ის მექანიზმი, რომელიც მოვლენების მძიმედ განვითარების ყველანაირ პერსპექტივას მინიმუმამდე დაიყვანს, აგვაცილებს თავიდან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ კუთხით უყურებენ ამ ყველაფერს და ამიტომ იყო პრეზიდენტის განცხადებაზე პოზიტიური გამოხმაურება”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე განმარტებით, ჩვენ უნდა ვიყოთ პროგნოზირებადი პარტნიორები ქვეყნის გარეთ და პროგნოზირებადი ხელისუფლება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მას არ ჰქონდეს მუდმივად საფრთხის მოლოდინი.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტის განცხადებას ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა თავად ქართული საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ასოციაციები გვიჩნდება ხოლმე ჩვენს უახლოეს წარსულთან დაკავშირებით, როდესაც ხშირად დაგვიანებული იყო დიალოგის შეთავაზება. როდესაც პრევენციულად ხდება ხოლმე ამის გაკეთება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა სწორედ ასეთი ნაბიჯი გადადგა და პირველი შედეგი უკვე ჩანს. მთავარია, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ამით ჩვენ დავანახებთ როგორც ჩვენს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ჩამოყალიბებული საზოგადოება და ჩვენგან არ უნდა მოელოდნენ ისეთ სიურპრიზებს, როგორი სიურპრიზებიც შეარყევს იმ გეზს და იმ ხაზს, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს აქვს აღებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ უნდა ვიყოთ პროგნოზირებადი პარტნიორები ქვეყნის გარეთ და პროგნოზირებადი ხელისუფლება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მას არ ჰქონდეს მუდმივად საფრთხის მოლოდინი, შიშები, ნერვოზული და სტრესული მდგომარეობა. ამ მხრივ, ვფიქრობ, პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზეა””, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე: ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს