ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება 2 ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირველი მიზეზი გამოწვეულია რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 5%-ისა განისაზღვრა 2%-ის ოდენობით. ასევე, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ აუცილებელია დამატებითი თანხების მოძიება.

“ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბიუჯეტში დაგეგმილია შემდეგი სახის ცვლილებები:
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მილიონი ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები. კერძოდ, დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40 მილიონი ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184 მილიონი ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 224 მილიონი ლარს; მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150 მილიონი ლარი; სხვა შემოსავლები იზრდება 20 მილიონი ლარით; სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100 მილიონი ლარით; ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67 მილიონი ლარით; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27 მილიონი ლარით”,- აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, უწყებაში განმარტავენ, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ

ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მილიონი ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მილიონ ლარამდე.

“საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები – 10 მილიონი ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 5 მილიონი ლარი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები – 12 მილიონი ლარით; საქართველოს პარლამენტი – 6 მილიონი ლარით; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 7 მილიონი ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 8 მილიონი ლარით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს – 3.5 მილიონი ლარით; გარემოს დაცვის სამინისტრო – 2 მილიონი ლარით; სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17 მილიონი ლარით; რაც კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ ეხება”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

უწყების განმარტებით, დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.

“მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში, რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები 53 მილიონი ლარით. ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში დარჩება უცვლელი. ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შემოსულობები იქნება 27 მილიონი ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე, 300 მილიონი ლარის ნაცვლად, დავაგროვებთ 327,0 მილიონ ლარს”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში“ვამაყობთ, რომ საქართველოს ჰყავს მაღალი დონის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური”
შემდეგი სტატიაUEFA-მ biletebi.ge-ს ხარვეზების გამოსწორებისთვის 48 საათი მისცა